ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც 18 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და აცხადებს, რომ მის შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. (Consilium)
ევროკავშირი მკაცრად გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომლებიც, განცხადების თანახმად, მიზნად ისახავს რუსეთის ოფიციალური პირის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნას. ევროკავშირი ასევე გმობს რუსეთის მცდელობებს, რეგიონი საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სივრცეში ინტეგრირების გზით კონტროლს დაუქვემდებაროს. (Consilium)
„ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას, უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“, — ნათქვამია განცხადებაში. (Consilium)
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების გამოც. (Consilium)
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. ამასთან, ბრიუსელი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ურყევ მხარდაჭერას“ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. (Consilium)