საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ მას არანაირი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს. (Ministry of Foreign Affairs of Georgia)
უწყების განცხადებით, ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში [...] უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს“, — ნათქვამია განცხადებაში. (Ministry of Foreign Affairs of Georgia)
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ჩაატაროს.
უწყების შეფასებით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „მორიგი უხეში დარღვევა“ და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. (Ministry of Foreign Affairs of Georgia)
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის ქმედებები და მოახდინოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება. უწყება ასევე მოუწოდებს პარტნიორებს, მტკიცედ დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.