საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ნებისმიერი ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა. ხოლო საზოგადოება, რომელმაც ემპათია დაკარგა, ადრე თუ გვიან თავისუფლებასაც კარგავს.
პირდაპირ ეთერში ბავშვთა გუნდი მღერის. ერთ-ერთი ბავშვი მძიმედ ეცემა, იმდენად მძიმედ, რომ წამოდგომასაც ვერ ახერხებს. თუმცა სიმღერა არ წყდება. გუნდი აგრძელებს შესრულებას, დირიჟორი აგრძელებს დირიჟორობას, გადაცემა გრძელდება. თითქოს არაფერი მომხდარა.
პრობლემა აქ დაცემა არ არის. ადამიანები ეცემიან. ბავშვებიც ეცემიან. პრობლემა რეაქციის არქონაა.
სოციალური ფსიქოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ტოტალიტარიზმის კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნაა, რომ ადამიანის მორალური დეგრადაცია იწყება არა მაშინ, როდესაც იგი თავად სჩადის ბოროტებას, არამედ მაშინ, როდესაც სხვის ტკივილთან თანაარსებობას ეჩვევა. ამ პროცესს მეცნიერები დესენსიტიზაციას უწოდებენ - მდგომარეობას, როდესაც ადამიანი თანდათან კარგავს ემოციურ რეაქციას სხვისი ტკივილის, უსამართლობისა და ძალადობის მიმართ.
ნებისმიერი ავტორიტარიზმის ნამდვილი საფუძველი სწორედ ეს არის. არც ერთი ავტორიტარული სისტემა არ იწყება ციხეებით, ხელკეტებით ან რეპრესიებით. ეს ყველაფერი მოგვიანებით ჩნდება. დასაწყისში ყოველთვის დგას ერთი რამ - საზოგადოების ნაწილის თანხმობა, რომ სხვისი ტკივილი შეიძლება უგულებელვყოთ. (ახლა ნუ მეტყვით, რომ ჩვენთან ჯერ ხელკეტები იყო. არა ჩვენთან ჯერ ლუკა სირაძე იყო და სხვა ბევრი).
ჰანა არენდტი ამას „ბოროტების ბანალურობას“ უწოდებდა. ბოროტება ხშირად მონსტრების მიერ არ სრულდება. მას ჩვეულებრივი ადამიანები ემსახურებიან, რომლებიც უბრალოდ „აგრძელებენ სიმღერას“ მაშინ, როდესაც მათ გვერდით ვიღაც ძირს წევს.
ამიტომ ამ კადრში ყველაზე მძიმე სანახავი დაცემული ბავშვი არ არის. ყველაზე მძიმე სანახავია ის, რომ „დანარჩენები“ აგრძელებენ მოქმედებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. სწორედ აქ ჩნდება კითხვა: რა არის უფრო საშიში - ერთი ადამიანის დაცემა თუ ათეულობით ადამიანის გულგრილობა?
საზოგადოებრივი ჭრილი -
ეს სცენა ხშირად იმ საზოგადოების ანარეკლია, სადაც შედეგი ადამიანზე უფრო ფასობს.
ჩვენ ხშირად ვხედავთ მსგავს მოდელს:
- მოსწავლე ცუდადაა, მაგრამ გაკვეთილი გრძელდება;
- თანამშრომელს უჭირს, მაგრამ „გეგმა“ უნდა შესრულდეს;
- მოქალაქე პრობლემაშია, მაგრამ „საქმე არ უნდა გაჩერდეს“.
ამ კულტურაში ადამიანს ხშირად აფასებენ ფუნქციით და არა ადამიანურობით.
პოლიტიკურ-სოციალური ჭრილი -
ეს შეიძლება სიმბოლოდაც წავიკითხოთ.
ერთი ბავშვი ეცემა, სისტემა კი მოძრაობას აგრძელებს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
ზოგჯერ სწორედ ასე მუშაობენ სახელმწიფოები, ინსტიტუტები და ორგანიზაციები:
- ინდივიდის პრობლემა უხილავი ხდება;
- მთავარი ხდება პროცესის უწყვეტობა;
- ადამიანის ნაცვლად პრიორიტეტი ენიჭება შოუს, ანგარიშს, სტატისტიკას ან „სურათის შენარჩუნებას“.
რა თქმა უნდა, ერთი სცენიდან შორს წასვლა არ ღირს, მაგრამ ასეთი კადრები ხშირად სწორედ იმიტომ იქცევს ყურადღებას, რომ საზოგადოებას საკუთარ თავზე აფიქრებს.
ყველაზე საინტერესო კითხვა აქ სხვაა:
რამ მოახდინა თქვენზე უფრო დიდი შთაბეჭდილება - იმან, რომ ბავშვი წაიქცა, თუ იმან, რომ არავინ მივიდა მასთან?
საზოგადოების მორალური ტემპერატურა ხშირად სწორედ ამ მეორე რეაქციით იზომება. თუ დაცემა გვაღელვებს, მაგრამ უყურადღებობა - არა, მაშინ პრობლემა მხოლოდ სცენაზე არ არის. ის უკვე კულტურის ნაწილად არის ქცეული.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოშიც არაერთხელ გვინახავს ქუჩაში ძალადობა, უსამართლობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მოქალაქეების ცემა და დევნა. ყოველ ჯერზე მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ იყო, ვინ დაარტყა. მთავარი კითხვა იყო - ვინ უყურებდა და დუმდა.
რადგან ტირანიას ძალას მხოლოდ მოძალადე არ აძლევს. ძალას აძლევს ისიც, ვინც თანდათან კარგავს ემპათიას, ეჩვევა ბოროტებას და მის გვერდით ცხოვრებას სწავლობს.
ცივილიზებული საზოგადოების გამოცდა სწორედ ასეთ მომენტებში ხდება. იქ, სადაც ადამიანი ეცემა, ინსტიტუტი, კოლექტივი და საზოგადოება უნდა ჩერდებოდეს. თუ არ ჩერდება, პრობლემა უკვე დაცემულ ადამიანში აღარ არის. პრობლემა სისტემაშია, რომელმაც ადამიანის ტკივილზე რეაგირების უნარი დაკარგა.
დიახ, კვლავ გავიმეორებ - ნებისმიერი ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის — პირველი მსხვერპლი ემპათიაა. ხოლო საზოგადოება, რომელმაც ემპათია დაკარგა, ადრე თუ გვიან თავისუფლებასაც კარგავს
გოჩა მირცხულავა,
ანალიტიკოსი
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ