დიპლომატი გია ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „ამორალურ ტყუილებს“ უწოდებს.
ჯაფარიძის განცხადებით, გეორგიევსკის ტრაქტატი არა საქართველოსა და რუსეთს, არამედ ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმდა, ხოლო დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები რუსეთმა მოგვიანებით დაიპყრო.
„გეორგიევსკის ხელშეკრულება არ დადებულა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ხელშეკრულება გაფორმდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის. იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო რუსეთმა დაიპყრო გვიან. დაიპყრო მას შემდეგ, რაც სწორედ გეორგიევსკის ხელშეკრულების გამოყენებით დაასრულა ქართლ-კახეთის დამონება“, — წერს ჯაფარიძე.
მისი შეფასებით, ისტორიის რუსული რევიზიაა მტკიცება, რომ იმ პერიოდში საქართველოს წინაშე ერის, ქრისტიანობის, ენისა და რწმენის გადარჩენის საკითხი იდგა. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა განსაკუთრებით არ არსებობდა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებში.
დიპლომატის განცხადებით, გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთისთვის „სატყუარა“ აღმოჩნდა და იმპერიამ შეთანხმება მალევე დაარღვია, რასაც საბოლოოდ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა მოჰყვა.
„გეორგიევსკის შეთანხმებით ამართლებენ თავიანთ რუსულ პოლიტიკას, ამართლებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას, ამართლებენ ღალატს, ამართლებენ რუსთველის და ილია ჭავჭავაძის არჩევანის შებილწვას“, — აცხადებს ჯაფარიძე.
მისი შეფასებით, გეორგიევსკის ტრაქტატის თემის გააქტიურებას კიდევ ერთი მიზანი აქვს — საზოგადოების ყურადღების მიმდინარე პრობლემებიდან ისტორიულ დისკუსიაზე გადატანა.
ამ კონტექსტში ჯაფარიძე ასახელებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდებას, ფასების ზრდას, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს, კრიმინალს, კორუფციას, განათლების სისტემის პრობლემებს, სიღარიბეს, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტპატიმრებს, არჩევნებს, საერთაშორისო იზოლაციას, ემიგრაციასა და დემოგრაფიულ პრობლემებს.
„აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას — ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა“, — წერს დიპლომატი.
ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასაც“ მიმართავს და აცხადებს, რომ პროპაგანდისა და სიცრუის შესაძლებლობები უსასრულო არ არის.
„არაფერია მუდმივი. შეიძლება ათასჯერ მოატყუოთ, მაგრამ დადგება მომენტი, როცა სიცრუე და პროპაგანდა აღარ იმუშავებს“, — წერს გია ჯაფარიძე.