"მალე 40 წელი გახდება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ჩვენ ვერ შევდეგით, როგორც საზოგადოება"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს
კოტიკო გოგინაშვილი
- ბატონო გოჩა, „ქართულმა ოცნებამ“ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა. ეს ნაბიჯი რუსეთის ინტერესებს ემსახურება?
- ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით ისრების გადატანა ბიზნესისკენ აბსოლუტური უზნეობაა. ეს არის არასწორი ქმედება, არაკეთილსინდისიერი ქმედება ბიზნესის მიმართ. მე ქართველი ბიზნესმენების მიმართ დიდი წარმოდგენა არ მაქვს. ბიზნესმენები ყველაზე კარგად საფრთხეებს გრძნობენ. იმ ბაჟებს, რასაც ეს ადამიანები იხდიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სალაროში, ეს მათი ნაბიჯები თვითგადარჩენის ინსტიქტით არის განპირობებული. ამის შედეგად, ისინი უფრო მდიდრდებიან და პარაზიტირებენ საქართველოს მოსახლეობაზე. ვერცერთი ქართველი ბიზნესმენი აფხაზეთში ბენზინის შეტანის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. ეს არ არის ქართული ბიზნესის ნაბიჯი. ეს ქმედება საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტულ ბიზნესმენს დაავალა. ამით „ოცნებამ“ ეს ადამიანი, მისი კომპანია და ოჯახი საფრთხის ქვეშ დააყენა. საქართველოს ხელისუფლებამ მის პარტნიორ ბიზნესმენებს ცუდი საქმე გაუკეთა. სუფთა პოლიტიკურ ჭრილში რომ შევაფასოთ, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. მე აფხაზეთთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკის მომხრე ვარ. გალის მოსახლეობა საარჩევნო ხმად არის ქცეული, ისინი უდიდესი ტერორის ქვეშ იმყოფებიან. გალის სკოლებში ქართული ენის სწავლებაც კი აკრძალულია. ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, რაღაც ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, რომ ვიღაც უნდა გადარჩეს. შეიძლებოდა, რაღაც ფასებზე გამოვაჭრება. ხელისუფლებამ რადგან ეს არ გააკეთა, ამით ნათელი გახდა, რომ ეს ქმედებაც დავალებული იყო. მათ დავალება შეასრულეს. საწვავთან დაკავშირებით სოჭში საშინელი რაღაცები ხდებოდა. ადამიანები 6-7 საათი იდგნენ რიგში, რათა 20 ლიტრი საწვავი აეღოთ. მათთვის მაშველი რგოლი საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა - ყველაზე „ჰუმანური ხელისუფლება“ დედამიწის ზურგზე, რომელიც საკუთარი ტერიტორიის ოკუპანტს ეხმარება.
- ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ იმის გამოც ხომ არ გადადგა, რომ აფხაზებთან კონფლიქტი დასტაბილურებულიყო?
- არა, ეს არის აბსოლუტური სისულელე. ფიზიკაში არსებობს ნიუტონის კანონი - ყველა ძალა საპირისპირო ძალას იწვევს. აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს საქართველო ეზიზღება. აფხაზეთში ქართულად ლაპარაკი სასიკვდილო განაჩენად არის ქცეული. ასეთ დროს ენის მოჩლექით საუბარი ნიშნავს, რომ მეორე მხარე ძალის პოზიციიდან გელაპარაკება. როდესაც ფიზიკურ დაპირისპირებაში შენ გირტყამენ, შენც უნდა გასცე შესაბამისი პასუხი. აფხაზეთში ბენზინის შეტანას ორი ახსნა აქვს. 1) დავალება ზევიდან. 2) საქართველოს ხელისუფლების და ბიზნესმენების სიხარბე ფულთან დაკავშირებით. საქართველოს ყველა ხელისუფლებას უგუნური პოლიტიკა ჰქონდა, რომ ჩვენ ვერ გავხდით ენერგოდამოუკიდებლები. საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ენგურის მარაგები სხვაგვარად შეევსო. სახელმწიფო თავისი უსუსურობით ყველაფერს აკეთებდა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით, შანტაჟის ქვეშ ვყოფილიყავით. ამაზე პასუხისმგებლობას არავინ რომ არ აიღებს, ეს ჩემთვის გასაგებია. საქართველოში არავინ არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, რადგან ცუდი რაღაცები სხვაგანაც ხდება, თურმე. მალე 40 წელი გახდება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ჩვენ ვერ შევდეგით, როგორც საზოგადოება. საქართველოში უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, ვიდრე მოქალაქე. არცერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა მოქალაქის ფორმირებაზე. ხელისუფლება ჩვენ აღარ გვეუბნება, რომ კარგია და არც იმას საუბრობს, რომ ის თავის წინამორბედებს ჯობია. ისინი იმასაც კი არ ამბობენ, რომ სოციალური კონტექსტით 90-იანი წლები დაბრუნდა. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს სიტუაცია ადრეც იყო და ბარემ მოდი ჩვენ ვიქნებით.
- უკრაინა აფხაზეთს დაარტყამს?
- აფხაზეთში, გუდაუთის ნაწილში განლაგებული რუსული ბაზების დიდი ნაწილი ომის პერიოდში გაიყვანეს. იქ, რა თქმა უნდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები დგას. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ სადაზვერვო ინფორმაციაზე, რასაც უკრაინა ფლობს. თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ეს საწვავი რუსეთის სამხედრო ინტერესებისთვის შეიტანეს, მაშინ შეიძლება მოხდეს. რუსული ჯარი ძირითადად დიზელის საწვავს მოიხმარს. ვფიქრობ, რომ ბენზინი სამოქალაქო სექტორისკენ იყო მიმართული, რაღაც ნაწილი შესაძლოა, გუდაუთის ბაზაზეც მოხვდა. უკრაინის ქმედება, რასაც განახორციელებენ, ეს იქნება ადეკვატური ნაბიჯი.
- გია ბარამიძის განცხადება რამდენად მავნებლური იყო?
- ნებისმიერ ავტორს აქვს უფლება გამოაქვეყნოს, ან არ გამოაქვეყნოს, მისი რესპოდენტის გარკვეული კომენტარი. ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს განცხადება საქართველოს ავტორიტეტს და საკმაოდ მძიმე ვითარებას უკავშირდება, მე რომ მეორე მხარე ვყოფილიყავი, ამ ინფორმაციას ეთერში არ გავუშვებდი, ან სხვაგვარად მოვითხოვდი გარკვეული ინფორმაციების დაზუსტებას. ჩვენ ვნახეთ ბარამიძის ბოდიშიც. ბარამიძემ ერთი რაღაც არ ან ვერ თქვა - ომის პირველ ეტაპზე ორივე მხარე ცდილობს, მეტოქის მაქსიმალურ ლიკვიდაციას. ეს ხდება, მაშინ, როცა ხელმძღვანელობის მხრიდან ტყვეების აყვანის დირექტივა არ არის. მე ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ომის სახელმძღვანელოების მიხედვით, ეს ფაქტი შესაძლოა, ყოფილიყო. იმ პერიოდში, მეც მქონდა გარკვეული კონტაქტი აფხაზურ მხარესთან. ძალიან ცნობილ გვართან მქონდა შეხება, რომლის დასახელების უფლება მე არ მაქვს. ამ პერსონის დახმარებით, ჩვენ ვცდილობდით, გარკვეული ადამიანების დახსნას. მე ტყვეები არ მყავდა, როგორც სამოქალაქო პირს. ქართველები თუ აფხაზ ტყვეებს მართლა ხვრეტდნენ, მაშინ აფხაზებს ჰქონდათ დიდი დრო, რომ ეს საკითხი დაეყენებინათ. აფხაზური მხარისგან ეს ფაქტი არ გახმაურებულა. ბარამიძემ საკუთარი აზრი არასწორად გადმოსცა. ხელისუფლებამ ეს მომენტი საკმაოდ უხერხულად გამოიყენა. ბარამიძემ ამ განცხადებით, საკუთარი თავი დააზიანა.
- ხელისუფლებამ გამოძიება რატომ დაიწყო?
- ეს არ იყო გასაკვირი. ხელისუფლება ტროტუარზე დგომის გამო იწყებს გამოძიებას. ბარამიძემ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა? ადამიანები საკუთარი ბოღმით ცდილობენ თავიანთი სისუსტე გადაფარონ. ეს არის დიდი უბედურება, რომელიც ასე ადვილად არ დასრულდება. ყველაფერზე დადგება პასუხისმგებლობა.
ავტორი: კოტიკო გოგინაშვილი
ახალი თაობა