"ხელისუფლებამ პატრიარქი შიო III გადააგდო"
"საპატრიარქოს შიგნით საკმაოდ რთული ვითარებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მღვდელმთავრების უმეტესობას ხელისუფლებასთან კავშირები აქვთ. პატრიარქს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ეს გადალაგებები თავის სასიკეთოდ გააკეთოს"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- ბატონო გოჩა, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას 26 მაისთან დაკავშირებით ილია II-ის ხსენება?
- პირველი რესპუბლიკის იდეა ტრანსფორმირდა კვაზი-თეოკრატიული სახელმწიფოს იდეად. ეს არის დღევანდელი, მმართველი პოლიტიკური ძალის "უდიდესი" მიღწევა. 1989 წლის 9 აპრილს ქართველ ხალხთან ფრაგმენტულად მდგომი ილია II, შემდგომ პერიოდში ქართველ ხალხთან აღარ იდგა, 1991 წლის 9 აპრილს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ ისტორიულ პრიზმაში პატრიარქი იყო მხარე, იმ ძალის, რომელმაც კანონიერი ხელისუფლება დაამხო. მას სხვა ბევრი დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ ამ პრიზმაში მისი გააზრება არის დაცინვა. ცოტა უხერხულია, ადამიანს დაბრალო ის, რაც მას არ გაუკეთებია. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხს დაანახოს ილია II-ის ღვაწლი. ხელისუფლებამ მისი პორტრეტით ჩაანაცვლა ქართველი ხალხის სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისკენ. ეს სწრაფვა ისტორიულ შინაარსს შეიცავს, რომელიც გრიგოლ ხანძთელის პერიოდიდან დაიწყო და დავით აღმაშენებლით გაგრძელდა, დღეს ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებამ დაასამარა.
- ხელისუფლება ცდილობს, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ღვაწლის გაქარწყლებას. ქართველი ხალხი ამას აპატიებს?
- ამ წუთას ქართველი ხალხის რეაქციაზე ვერაფერს ვიტყვი. ეს ბრაზი არსად წავა. არ მინდა იმაზე საუბარი, თუ რა რეაქცია ექნება ხალხს. ხალხის სასიცოცხლო ინსტიქტები დაჩლუნგებულია.
- ოპოზიციის გეგმებზე რას ფიქრობთ?
- რეალისტები ვიყოთ. ჩემი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, მე მაინც ვიქნები ოპტიმისტი. ვისურვებდი, რომ ოპოზიცია იყოს მეტად ორგანიზებული და მეტად პრაგმატული, მეტად ღია.
- საპატრიარქო როგორც აცხადებს, მოლაპარაკებას მართავენ „ოცნებასთან“ სინდისის პატიმრების გამოსაშვებად. კობახიძემ, ფაქტობრივად, უარი უთხრა. როგორ ვარაუდობთ, გაითვალისწინებენ თხოვნას და გამოუშვებენ?
- სასულიერო პირები საუბრობდნენ, რომ სინდისის პატიმრების საკითხი არის მნიშვნელოვანი. მერე ამ ადამიანებმა ხელისუფლებისგან დირექტივები მიიღეს და ფორმულირება შეიცვალა. პრემიერმა კობახიძემ საპატრიარქოს უთხრა, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ. თქვა, რომ თუ მოინანიებენ, მაშინ გამოვუშვებო. ამ კუთხით, ხელისუფლებამ შიო III გადააგდო. ზოგიერთ სასულიერო პირს ადამიანები არ უყვარს. დეკანოზმა გალდავამ თქვა, რომ ციხეში კარგი პირობებიაო.
- საპატრიარქოში სიტუაცია საკმაოდ დამშვიდებული ჩანს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ შიდა დინებებს და გადაჯგუფებას დაიწყებს შიო III?
- შიგნით საკმაოდ რთული ვითარებაა. პატრიარქის არჩევნების წინ ბევრი სიტყვიერი ბენეფიტი გაიცა ეპისკოპოსებისთვის. ახლა ამის აღსრულების დრო მოდის. ამ წუთას ცარიელია ორი ქორეპისკოპოსის ადგილი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქორეპისკოპოსების დანიშვნა არის აუცილებელი. ცალკეულ ეპარქიებში ადგილები არის ვაკანტური. შიგნით საკმაოდ რთული ვითარებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მღვდელმთავრების უმეტესობას კავშირები აქვთ ხელისუფლებასთან. პატრიარქს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ეს გადალაგებები თავის სასიკეთოდ გააკეთოს. შიო III-ის პირველი ქადაგებიდან გამოჩნდა, რომ მას მთელ რიგ საკითხებთან აქვს მწვავე დამოკიდებულება. ვნახოთ, პროცესები როგორ განვითარდება. მე ამ ყველაფერს მშვიდად, პოპკორნით ხელში ვუყურებ.
- დაიჭირეს რუსეთის გავლენიანი მღვდელმთავარი ალფეევი, რომლის სახელსაც უკავშირდება თავის დროზე შიო III-ის მოსაყდრეობა. ქართული ეკლესია ამ მომენტს ხომ არ გამოიყენებს და ზურგს შეაქცევს რუსულ ეკლესიას?
- არა, არ ცდილობს. ალფეევი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტრუმენტი, რომელმაც მაშინ მეუფე შიოსთან დაკავშირებით, კირილის და რუსეთის ხელისუფლების ინტერესები გაახმოვანა. ის იყო მხოლოდ ინსტრუმენტი. ალფეევის ნაცვლად შეიძლებოდა, სხვა ვინმეც ჩამოსულიყო და მოლაპარაკებები გაემართა. ეს ადამიანი იყო რუსული ეკლესიის საგარეო საქმეთა „მინისტრი“. მას პრობლემები იმის მერე შეექმნა, რაც მსოფლიოს საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალია აღიარა. ამის მერე ეს ადამიანი უნგრეთში გააგზავნეს. ალფეევს პედოფილიაც ბრალდებოდა. ბოლოს ვრცელდებოდა ხმები, რომ პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთანაც, რის გამოც, ხშირად მისი ქმედებები გააზრებული არ იყო. დადიოდა ლეგენდები, რომ ნარკოტიკებით იყო გაბრუებული. ცხადია რუსეთის სპეცსამსახურებმა ნარკოტიკები თვითონ ჩაუდეს. ამ კაცმა უნგრეთთან ურთიერთობები ვერ დაალაგა და უნგრეთის მხრიდან პატრიარქ კირილის დასანქირებაზე თანხმობა გაიცა. ამ კაცს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროცესზე გავლენა არ ჰქონია. ალფეევი არაფერს წარმოადგენს. ეგ კი არა, კირილიც არაფერს წარმოადგენს. ყველაფერს ეფესბე მართავს. რუსეთის მმართველი სისტემა არის მანდ მნიშვნელოვანი, რომელიც ყველაფერს ასე გვაწვდის.
- ხშირად ამბობენ, პოლიტიკურად ცხელი გაზაფხული ან ცხელი შემოდგომა გველოდებაო, ახლა რა მოლოდინი გაქვთ?
- გაზაფხული უკვე მიილია. ზაფხულში ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ იმიჯზე უფრო ზრუნავენ. ქართული პოლიტიკა საკმაოდ იმპულსურია. ასე რომ, თუ „ქართული ოცნება“ რამეს მიქარავს, ხალხი გარეთ გამოვა. ხელისუფლებამ 26 მაისს კვაზი თეოკრატიული სახელმწიფო შექმნა, ამით მათ შეურაცხყვეს ყველა ის თავდადებული მებრძოლი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა. მათ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მოღვაწეობის ნიველირებაც მოახდინეს.
კოტიკო გოგინაშვილი
ახალი თაობა
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ