ქონების გადასახადის მოქმედი 40 000-ლარიანი საშემოსავლო ზღვარი გაუქმდება და გადასახადის გადახდის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიიღეს და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
„40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, — განაცხადა კირცხალიამ.
უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.