Wallace slams Scholz for reluctance to supply Ukraine with Taurus missiles
სალომე სამადაშვილი - სენატორების წერილი განგაშის ზარია
საპატრიარქო - წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია
ამინდი 27 აპრილს
14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან

კონსტანტინე გამსახურდია: აფხაზეთის თემაზე მსჯელობისას უნდა დაიძლიოს 90-იანი წლების პროპაგანდისტული კლიშეების ზეგავლენა

10.06.2023 | 10:35 ნახვები: 1382

ჩემი ამოცანაა დავიცვა ის პოლიტიკა და ის სახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რომლებიც გადადგმული იქნა ეროვნული ხელისუფლების მიერ 1990-1991 წლებში ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში. დავიცვა ისე, როგორც დისერტაციის დაცვისას იცავენ ძირითად პოსტულატებს და პუნქტებს. არ დავასახელებ ახალგაზრდა ისტორიკოსის გვარს, რომელიც ოპონირებას გვიწევს - მე პატივს ვცემ მასაც და მამამისსაც, რომლებიც საერთოდ კარგ და საჭირო საქმეს აკეთებენ, ძირითადად სწორი და ეროვნული პოზიციები უკავიათ და ეს გამოჩნდა უკანასკნელ დისკუსიებშიც აფხაზეთის თემაზე. თუმცა მე მსურს მათაც და სხვებსაც დავანახო (და არა რაღაც დავუმტკიცო) რომ ზვიადისა და ეროვნული ხელისუფლების პოზიციონირება სახელმწიფოებრივად გამართული იყო, რომ ეს, ზოგჯერ დაუძლეველი დაბრკოლებების და ფრიად არახელსაყრელი მსოფლიო პოლიტიკის მიუხედავად, ცუდ და მძიმე ოფციებს შორის მაინც ყველაზე უკეთესი და სხვებზე გაცილებით ნაკლებად მავნე იყო. ასევე ჩემი ამოცანა არ არის დისკუსიისას დომინაცია მოვიპოვო ვინმეზე, არამედ მინდა როგორც ისტორიკოსმა ჩემი კონტრიბუცია შევიტანო ჭეშმარიტების დადგენაში. ამისთვის კი უნდა დაიძლიოს 90-იანი წლების პროპაგანდისტული კლიშეების ზეგავლენა. ჩავყვები პუნქტებს:

1. დავიწყებ 1990 წლის ბოლოს შექმნილი სიტუაციიდან, როდესაც ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ თავმჯდომარედ აირჩია. ოპონენტის თქმით ოზგანი არძინბაზე უარესად არ ითვლებოდა. ჩვენი ინფორმაციით აფხაზეთის ქართველობამ მაშინ არ გააპროტესტა ეს ამბავი, რადგან ხალხში გავრცელებული შეხედულებით შესაძლოა მის მაგივრად მოსულიყო რადიკალ-შოვინისტი კონსტანტინ ოზგანი. ამათი შედარება კაცმა რომ თქვას, არც შეიძლება, როგორც ნიანგისა და ალიგატორის - მეგობარი ცხადია, არც ერთი არ არის. ოზგანი იყო კავკასიის მთის ხალხთა ჩეკისტური კონფედერაციის წევრი, ეს ორგანო კი წარმოადგენდა სამხედრო დაზვერვა გრუ-ს. არძინბა იყო ჯგუფი "სოიუზის" წევრი. არაოფიციალურ მოლაპარაკებებში ოზგანმა თავისი კანდიდატური წამოყენებაზე უარი განაცხადა. მე "აიდგილარამ" და "სლავიანსკი დომ"-მა უნდა წამომაყენონო, ესენი კი მხარს არ დამიჭერენო.

2. ოპონენტი წერს: "ქართულ მოსახლეობას არ გამოუთქვამს პროტესტი ღიად, რადგანაც თბილისიდან მოვიდა დირექტივა, რომ ხმა უნდა მიეცათ არძინბასათვის. 1990 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე ქართულმა დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი არძინბას, რადგანაც მას ზვიად გამსახურდიას თანხმობა ჰქონდა" - ეს არ არის მართებული თვალსაზრისი, ასე არ ყოფილა. არძინბას არანაირი თანხმობა ზვიად გამსახურდიას მხრიდან არ ჰქონია. თავმჯდომარეობისთვის არძინბას სჭირდებოდა უბრალო უმრავლესობა, მას რამოდენიმე ქართველმა დეპუტატმა, სომხურმა ფრაქცია "კრუნკმა", ცხადია "აიდგილარამ" და "სლავიანსკი დომ"-მა დაუჭირა მხარი. ასე მოგროვდა ხმების რაოდენობა, რაც საჭირო იყო მის დასანიშნად. არავითარი ზვიადის ფორმალური თუ არაფორმალური ბრძანება არძინბას დანიშვნაზე ბუნებაში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ქართული დეპუტაციის უნისონში მიცემული ხმები. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დღესაც დაადასტურებენ ამას.

3. ოპონენტი წერს: "ბორის ადლეიბას პოლიტიკაში დაბრუნება დაბლოკა სწორედ ზვიად გამსახურდიამ და არავინ სხვამ" - ესეც მცდარი თეზისია. ქართულ მხარეს და თბილისს აფხაზეთში უნდოდა სწორედ ბორის ადლეიბას დაბრუნება, რადგანაც აფხაზებს შორის უკეთესი ნამდვილად არავინ ჩანდა. ადლეიბასთან ზვიადის სახელით რამოდენიმეჯერ მივიდნენ დეპუტატები ნუგზარ მგალობლიშვილი და თემურ ლორთქიფანიძე. მან ისინი კარგად მიიღო, გაუმასპინძლდა კიდევაც, მაგრამ თანამდებობაზე უარი თქვა. მე რომც დავთანხმდე, წავაგებო, აფხაზები მხარს არ დამიჭერენო. ამდენად ადლეიბას არწამოყენების საკითხთან ზვიადი საერთოდ არაფერ შუაშია. ზვიად გამსახურდია ადლეიბას პირიქით, მხარს უჭერდა, რისთვისაც მან ორივე დეპუტატს ამ მხრივ აქტიურობსთვის მადლობა გადაუხადა. საიდან მოიტანეს ზვიადის მიერ ბორის ადლეიბას დაბლოკვა? და კიდევ ვინ შეიძლებოდა მოაზრებული ყოფილიყო მესამე კანდიდატად? ალბათ ლორიკ მარშანია, მაგრამ "აიდგილარას" აფხაზები მას თავისიანად არ განიხილავდნენ, უფრო ქართიზებულ აფხაზად თვლიდნენ. ხოლო ლორიკი საერთოდ არ ფიქრობდა დაპირისპირებოდა არძინბას.

წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თუკი ჩვენი მხარე საერთოდ ბოიკოტს და ომს გამოუცხადებდა არძინბას და აფხაზურ მხარეს. მას მაინც აირჩევდნენ, ხოლო ქართული მხარე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამ ყოველივეს შედეგი კი ნაცნობი სცენარით განვითარდებოდა: გაჩნდებოდა ორი პოლიტიკური ცენტრი, ერთის მხრივ ქართველები, მეორეს მხრივ აფხაზები და სხვები. საბოლოოდ ყველაფერი გადაიზრდებოდა კონფლიქტში, ისეთში, როგორიც მოხდა უნივერსიტეტის ორად გაყოფის გამო 1989 წლის ივლისს. ამრიგად ცხინვალის გარდა გაჩნდებოდა კიდევ ერთი ცხელი წერტილი - სოხუმი. დროებითმა მშვიდობამ, თუნდაც გარეგნულმა, მოგვცა კიდევ ერთი რამ - როდესაც 3-4 თვეში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე 1991 წლის 31 მარტს, მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით აფხაზთა 7 პროცენტმა (ანუ თითქმის მესამედმა) და ამდენივე სხვა ეროვნების წარმომადგენელმა. საბოლოოს ჯამში ქართველთა ჩათვლით - მოსახლეობის 64 პროცენტმა. ნუთუ ეს არაფერია?

4. ოპონენტი წერს: "1993 წლის 28 აგვისტოს სწორედ ლოთი ქობალიას სარდლობით მყოფმა ძალებმა დაიწყეს შეტევა და დაიკავეს ხობი, სენაკი და აბაშა." - არ არის სწორი, მათ ეს ადგილები ადრეც დაკავებული ჰქონდათ. იქვე ვკითხულობთ: "16 სექტემბერს კი აფხაზებმა შეუტიეს სოხუმს. რომ არა ლოთის შეტევა, სოხუმში იარაღის ხელახლა შეტანა ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რამდენი ძალისხმევა დასჭირდა ჟიული შარტავას, რომ ელიავა დაერწმუნებინა და სოხუმის დასახმარებლად წამოსულიყო ფოთზე შეტევის ნაცვლად." ეს პირდაპირ მაშინდელი უკანონო, სისხლიანი გზით მოსული ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივია. იარაღის შეტანაზე არანაირ პრობლემას არ ქმნიდნენ კანონიერებისთვის მებრძოლი ნაწილები, მაგრამ აფხაზეთიდან იარაღის გამოტანას ნამდვილად ეწინააღმდეგებოდნენ. არადა "დიდი პოლიტიკოსის" და "მთავარსარდლის" ბრძანებით, მოაწერა რა ხელი 1993 წლის ივლისში სოჭის კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე, აფხაზეთიდან მთელი შეიარაღება გამოიტანეს ფოთსა და სამტრედიაში. ამიტომ მცდარია ეს თვალსაზრისიც.

5. ოპონენტი წერს: "1993 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის დაცემის შემდეგ, ზუგდიდში რომ ჩეჩნური (500 კაცამდე) და აფხაზური (50 კაცი) შენაერთები შემოვიდნენ ლოთის ძალების დასახმარებლად" - აქაც არ არის სიმართლე. არც ერთი "ჩეჩენი" არ შემოსულა. იყო 36 აფხაზი ("აფსუა") მეომარი, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებებში თბილისის რეჟიმის მიერ შემოყვანილი ადმირალი ბალტინის ჯარის წინააღმდეგ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა მალევე დატოვეს სამეგრელო და აფხაზეთში დაბრუნდნენ. როგორც სამეგრელოს წინააღმდეგობის ვეტერანები ამბობენ მეომრების ეს ჯგუფი ადრეც თანამშრომლობდა ქობალიას ჯართან, მათი პირობა იყო, არ ყოფილიყვნენ გამოყენებულნი აფხაზების, ანუ მათსავე თვისტომთა წინააღმდეგ, თუმცა მზაობას აცხადებდნენ ეომათ რუსებთან და თბილისური ხუნტის ჯართან სამეგრელოში. ამ შენაერთს ოპონენტის აზრით თურმე იმიტომ დაუტოვებია სამეგრელო, რომ ზვიადს უარი უთქვამს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უარი მანამდეც ნათქვამი იყო. (უარი ითქვა სიტუაციურად მერეც, უკვე ზუგდიდის დაცემის შემდეგ.) კიდევ ერთი, მორიგი უარი საჭირო არ ყოფილა. მათ უბრალოდ უთხრეს, რომ წასულიყვნენ და ისინიც წავიდნენ. ზუგდიდსა და წალენჯიხაში მეომარ "ჩეჩნებზე" კი ხუნტის პროპაგანდა პუტჩის პირველივე დღეებიდან გაჰყვიროდა.

6. ოპონენტი წერს: "იქნებ სცადოთ და მოიძიოთ მამათქვენის გამოსვლები ზუგდიდის ტელევიზიით 1993 წლის შემოდგომაზე (დაახლოებით ამავე პერიოდში, ოქტომბერში). საინტერესო პასაჟებს იპოვით. მაგალითად, ერთ-ერთს მოგიყვანთ: „ჩვენ იმიტომ არ გადავედით კოდორზე, რომ იქ 7 რუსული გემი იყო მომდგარი და მათი მიზანი ჩვენი განადგურება იყო!“. ესეც ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და 30 წლის თავზეც მახსოვს, რადგანაც მაშინ უბრალოდ დავიშოკე. თურმე შეიძლებოდა სოხუმისკენ გზის გახსნა და ეს არ გაკეთებულა. რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდა ეს ნაბიჯი?"

არც ესაა სიმართლე. სინამდვილეში სარდალმა ლოთი ქობალიამ და პოლკოვნიკმა გურამ ლაკიამ (და არა აკაკი ელიავამ, აქაც შეცდომაა) მოილაპარაკეს ჭუმბურიძესთან, გუჯარ ყურაშვილთან და სხვებთან, რომ ერთობლივი ძალებით გაერღვიათ ფრონტი და შესულიყვნენ სოხუმში. თავად ზვიად გამსახურდიას გეგმა იყო სოხუმში ჯართან ერთად ჩასვლა, შემდეგ ჟიული შარტავასთან და გენო ადამიასთან ერთად მოწოდების გავრცელება სოხუმის ერთობლივად დაცვაზე და საყოველთაო მობილიზაციაზე. ამისთვის დაბრუნდა იგი ჩეჩნეთიდან ზუგდიდში. მაგრამ რა მოხდა? ზღვაში რომ შვიდი სამხედრო გემი იყო და პერიოდულად ისროდნენ ჩვენი ჯარის მიმართულებით, ეს ცალკე თემაა. საკმაოდ ძლიერი აფხაზურ-რუსულ-კონფედერატული დაჯგუფება გამაგრდა კოდორის შესართავთან. მათი დაძლევის წინაპირობა ალყაშემორტმული სოხუმისკენ გასაჭრელად იქნებოდა, თუკი ჭუმბურიძის ჯარი საარტილერიო და ყველანაირი მხარდაჭერას აღმოუჩენდა ლაკია-ქობალიას, რომლებიც ოჯიბინე-ვარჩასთან გაჩერდნენ და თავადაც წაიწევდა წინ. ქობალიას-ლაკიას ჯარი დაახლოებით ერთი ბატალიონი იყო და არ ყოფილა სათანადოდ შეიარაღებული. კარგი და გამართული შეიარაღება კი ჰქონდა დე ფაქტო ხელისუფლების ჯარს. ჭუმბურიძემ და მისმა ოფიცრებმა ეს არ გააკეთეს, მათ პოზიციები მიატოვეს და კოდორის ხეობაში ავიდნენ; მცირერიცხოვანი რაზმით ცოტა ხნით იომა მხოლოდ გუჯარ ყურაშვილმა. ხოლო ქობალია-ლაკიას ძალისხმევამ საშუალება მისცა ყარყარაშვილს სოხუმის დაცემამდე კოდორზე გაეყვანა 200-მდე კაცი და ოთხი ტანკი. ასევე არანაირი პრობლემები არ ყოფილა არც ჟიული შარტავასთან, არც გენო ადამიასთან. სოხუმის დაცვაში კი მონაწილეობდა ასევე კანონიერების აღდგენის მომხრე ბატალიონი სოსო ჯომიდავას მეთაურობით.

ოპონენტი შეეხება ცნობილი იურისტის, პროფესორ ლევან ალექსიძის ჩართულობით შექმნილ კანონს და უარყოფს მას, როგორც მიუღებელს. ამ კანონის და შეთანხმების მიხედვით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოხდა კვოტირება: 26 ქართველი, 28 აფხაზი - 11 დანარჩენი. პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო აფხაზი, პრემიერი და შს მინისტრი ქართველი, ხოლო პრეზიდენტს თბილისში ჰქონდა ვეტოს უფლება, თუკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა შეეცდებოდა საქართველოდნ გასვლას. არავინ ამტკიცებს, რომ ეს კანონი "კარგი" და "სრულყოფილი" იყო, თუმცა ამით თავიდან ავირიდეთ სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში და მორიგი ფრონტის გახსნა. ეს იყო მისი ერთადერთი სიკეთე. ხოლო სისხლისღვრა და დაპირისპირება წყალივით ესაჭიროებოდათ რუსეთის სპეცსამსახურებს და გენშტაბს. ერთადერთი საშუალება აფხაზთა შემოტყუებისა პოლიტიკურ პროცესში ეს კანონი იყო. იგი დროებით გამოსავლად უნდა ჩაითვალოს. თუკი ზვიად გამსახურდია დარჩებოდა ხელისუფლებაში, ის თავად იყო იმის გარანტორიც, რომ არძინბა თავს ვერ დააღწევდა ამ დამაბრკოლებელ ჩარჩოებს და ბადეებს, მაგრამ თბილისის პუტჩმა ყველაფერი შეცვალა. რომ არა გადატრიალება, ეს კანონიც უკეთესი, უფრო სრულყოფილი კანონით შეიცვლებოდა. ძნელი სათქმელია, აფხაზეთში ომი მალე მოგვიწევდა თუ არა, მაგრამ ეროვნული ხელისუფლების პირობებში მაღალი ალბათობით ასე მოუმზადებლად და ქაოტურად არ დაიწყებოდა და არც დასრულდებოდა, როგორც ეს 1992-1993 წლებში მოხდა.

წარმოვიდგინოთ, ზვიად გამსახურდიას ეს კომპრომისი რომ არ დაეშვა და აფხაზეთში მისი მმართველობის დროს ატეხილიყო ომი, რა საშინელებებს დასწერდნენ მასზე მტრები იქიდან მოყოლებული დღემდე: ეს ის კატეგორიაა, რომელიც ორივე შემთხვევაში გერჩის - თუ ქუდი გახურავს, რატომ გახურავს და თუ არა, რატომ არ გახურავს.

და ბოლოს ვთხოვ ოპონენტებს, გაასწორონ უხიაგი და უსამართლო რიტორიკა ზვიად გამსახურდიას აფხაზური პოლიტიკის მიმართ და გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა, ასევე უფრო სიღრმისეულად მიუდგნენ ისტორიული მოვლენების ანალიზს. მათ მართებთ უფრო მეტად და დეტალურად შეისწავლონ კანონიერი ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ძალის ისტორია - მადლობა ღმერთს, ვეტერანები დღესაც ცოცხლები არიან. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის. ზვიად გამსახურდიას არასოდეს უთქვამს, უშეცდომო ვარო და უშეცდომი ხომ ამ ცისქვეშეთში არც არავინაა, თუმცა ყოველივეს თავისი მეორე მხარეც აქვს. ხოლო 90-იანების პუტჩით მოსულთა პროპაგანდისტული კლიშეები ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

 

ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა