4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელი შეუმცირდა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
გათავისუფლების შემდეგ ჩახუნაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
„ნამდვილად არ ველოდებოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას. ამიტომ აუცილებლად მინდა, მოკითხვა შევუთვალო გლდანის ციხეში — D3-ში, ჩემს საცხოვრებელ ადგილას, სადაც ვიყავი — ყველას. ბიჭებს მოკითხვას ვუთვლი“, — განაცხადა ჩახუნაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს და პატიმრობაში მყოფ ადამიანებს გამხნევება უსურვა.
„ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად. მიყვარხართ, გეხუტებით. ახლა შეიძლება აზრები ისე ვერ დავალაგე, იმიტომ, რომ არ ველოდებოდი და მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება“, — აღნიშნა მან.
კითხვაზე, ურჩევს თუ არა მასთან ერთად დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ჩახუნაშვილმა უპასუხა: „თავის საქმე თვითონ იციან. ყველამ იცის თავისი საქმე. ყველა მოზრდილი ასაკისაა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩახუნაშვილი 2026 წლის 19 ივნისს დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სახელმწიფო ბრალდება მას ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელი შეეცვალა ზაქრო ალბუთაშვილსაც — მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.