რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებას ხელს აწერენ ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალი წევრები — ავსტრია და პორტუგალია.
ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობენ რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და გაერო-ს წესდების დარღვევით უკანონო სამხედრო ყოფნას, ეფექტური კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნების შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შეჭრამ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ მოსკოვის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი აჩვენა, რომელიც მოგვიანებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გაგრძელდა.
განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მილიტარიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, ქართულ ენაზე განათლების შეზღუდვა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება და საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვა.
ასევე დაგმობილია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის არაავტორიზებული საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირების დამყარება.
განცხადებაში ცალკეა ნახსენები საქართველოს მოქალაქეების — დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიასა და ირაკლი კვარაცხელიას — მკვლელობები. ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ ამ დანაშაულების ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
ქვეყნები ასევე მიესალმებიან ნაურუს გადაწყვეტილებას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებენ, რომლებიც ამ ერთეულებს აღიარებენ ან მათთან ურთიერთობები აქვთ დამყარებული, მიჰყვნენ ნაურუს მაგალითს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც, რომლებმაც, ხელმომწერი ქვეყნების განცხადებით, არაერთხელ დაადასტურა რუსეთის ეფექტური კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.
ასევე აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გაცემული დაპატიმრების ორდერები.
უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის შეიარაღებული ძალების საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების მოთხოვნას.
ხელმომწერები მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და რუსეთს მოუწოდებენ, მისცეს მისიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა მისი მანდატის შესაბამისად.
განცხადების ავტორები ასევე ხაზს უსვამენ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18-წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.