სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტო უკვე „მილევად რეჟიმშია“ და მისი გაუქმების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებული მიდგომის შეცვლის გამო მიიღო.
„„ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიულად შეიქმნა როგორც ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეში გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი და საქართველოშიც ამის არაერთი მაგალითი არსებობდა.
„შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, — განაცხადა კობახიძემ.
სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილებით შეიქმნა, ხოლო პირველი საგრანტო განაცხადების მიღება იმავე წლის ივლისში დაიწყო. სააგენტოს შექმნა მოჰყვა უცხოურ დაფინანსებასა და გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მმართველი გუნდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გრანტებს არასამთავრობო სექტორისთვის უცხოური დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატივად წარმოადგენდა.