ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას განცხადებით, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტების რიტორიკა რუსეთისა და უკრაინის ომის, სანქციებისა და სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გავლენების შესახებ შეიცვალა და ისინი ახლა იმ შეფასებებს გამოთქვამენ, რომლებზეც ხელისუფლების ოპონენტები წლების განმავლობაში საუბრობდნენ.
„რამდენიმე სახელისუფლებო ექსპერტის პუბლიკაცია შემხვდა. „პლასტინკა“ გადაუტრიალებიათ და ერთ ხმაში საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ იგებს, რომ საერთაშორისო ვითარება რუსეთისთვის არასახარბიელოა, რომ სანქციები მუშაობს და მძიმე წნეხად აწვება რუსეთის ეკონომიკას, რომ 10 ტრილიონზე მეტი დეფიციტია ბიუჯეტში, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენებს კარგავს“, — წერს ჯეჯელავა.
მისი თქმით, ეს მკვეთრად განსხვავდება იმ პროგნოზებისგან, რომლებსაც იგივე წრეები წარსულში აკეთებდნენ. ჯეჯელავა იხსენებს შეფასებებს, რომ უკრაინის დამარცხებას დღეები ან კვირები დასჭირდებოდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ იმუშავებდა, ევროპა რუსული გაზის გარეშე ვერ გაძლებდა, ხოლო მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს არ დაუშვებდა.
ანალიტიკოსი ამ ცვლილებას ირონიულად აფასებს და აცხადებს, რომ ახალი რიტორიკა დაგვიანებულია, რადგან, მისი აზრით, რუსეთის მდგომარეობის შესახებ რეალობა უკვე მნიშვნელოვნად შეიცვალა.
„ჰოდა, ამას მაინც არ ეტყვიან, ზუსტად ვიცი და, ჯანდაბას, ისევ მე ვიქნები „კასანდრა“: ბიძინა ბიძია, დეპოში ხართ! ვეღარ წავა ეგ მატარებელი ვერსად, აწი რაც უნდა თქვან და ქნან თქვენმა ექსპერტებმა“, — წერს ლელა ჯეჯელავა.