გოჩა მირცხულავა: საფრანგეთის ხელისუფლება დაფიქრდეს, მათი მოქალაქე ივანიშვილი საქართველოში რას ჩადის
30.06.2026
ნახვები: 612
მძინარე თბილისი გაღვიძებულ ცხინვალს კარგავს?!
იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც „ქართული ოცნება“ პუტინის ნებას ასრულებს. ცხინვალი და აფხაზეთი არავის აინტერესებს და ეს საკითხი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგიდან გამქრალია.
სააკაშვილის გააქტიურება არის ჯანსაღი პროცესი. ის გახდა კატალიზატორი იმ ოპოზიციის, რომელიც საკუთარ თავში არის დაკარგული.
რა არის ქართული ოპოზიციის დღის წესრიგი, სურვილის დონეზე ხელისუფლების ცვლილების გარდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცით.
ზოგიერთ პოლიტიკოსს რომ ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვა პლანეტიდან გვესაუბრებიან. ამ ადამიანებმა იციან, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და რა გვჭირს?
პოლიტიკურ პარტიებს, იმისთვის, რომ იარსებონ, მოემზადონ არჩევნებისთვის, გახსნან რეგიონებში ოფისები, დააფინანსონ თავიანთი აქტივისტები, დღევანდელი მოცემულობით, მინიმუმ 5-6 მილიონი ლარი სჭირდება. ამ ახალ შექმნილ პარტიებს ეს რესურსები საიდან აქვთ, ძალიან მაინტერესებს
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- ბატონო გოჩა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის ანექსიაზე ალაპარაკდნენ, რატომ დუმს „ოცნება“? შეიძლება არ აწყობთ ამ თემის გახმაურება, მაგრამ რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ.
- იმ ვითარების პროგნოზირება, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, შესაძლებელი იყო 2022 წელს. ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. ომის დაწყებამდე პუტინის ულტიმატუმი ასე ჟღერდა, რომ უკრაინას ევროპულ ინტეგრაციაზე უარი უნდა ეთქვა. ვლადიმერ პუტინისთვის საქართველო და უკრაინა ერთ პაკეტში განიხილება. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე, ზუსტად ორის დღის შემდგომ, მე გამოვაქვეყნე შესაბამისი მასალა, სადაც ამ საფრთხეებზე ვწერ. უკრაინის სამხედრო წარმატების შემთხვევაში, პუტინს საკუთარი თავისთვის და თავისი ეგოს დაკმაყოფილებისთვის, რაღაც უნდა გაეკეთებინა. პუტინისთვის ე.წ. „ოსეთის კარტის“ გათამაშება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ, სამხრეთ ოსეთთან რომ გააფორმა კრემლმა ე.წ. ხელშეკრულება, ვითომ თანამშრომლობაზე, ამას წაუყრუეს. "ოცნების“ მოლაპარაკე თავებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და ჩვენ იმას ვიმკით, რაც 2008 წელს, აგვისტოში მოხდა. ისრების გადატანა წარსულში დაიწყეს. ეს მოსალოდნელი იყო. თავის დროზე "ოცნების“ სპიკერები იმაზე საუბრობდნენ, რომ თურმე ჩვენ გავაღვიძთ მძინარე ცხინვალი. ახლა მძინარე თბილისი გაღვიძებულ ცხინვალს კარგავს?! ეს არ არის რიტორიკული კითხვა. „ქართული ოცნება“ მთელი ეს პერიოდი, იმით არის დაკავებული, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეაჩეროს. რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, რომ თუ 78-ე მუხლი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს დააზიანებს, ეს მუხლი რად გვინდაო. სუვერენიტეტის დაზიანებები სულ დასავლეთიდან ესმით, რომელთანაც ჩვენ არც ტერიტორიული პრეტენზიები გვაქვს და არც საომარი მოქმედებები გაგვაჩნია. იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც „ქართული ოცნება“ პუტინის ნებას ასრულებს. ცხინვალი და აფხაზეთი არავის აინტერესებს და ეს საკითხი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგიდან გამქრალია.
- როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მოსკოვი იბომბება, ყირიმიც და ხალხი გამორბის, შეიძლება ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდგეთ, რუსი ლტოლვილები მოგვაწყდებიან, ასეთ დროს გამოსავალს რას ხედავთ?
- რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის საქართველო ერთგვარი პლაცდარმი იყო, რომ მერე სხვაგან გადასულიყვნენ. ეს ჯგუფი, თვისობრივად და მენტალურად სრულიად განსხვავებული კონტიგენტია. ისინი თავის დროზე ამ ომს გამოერიდნენ. ის ლტოლვილები, რომლებიც ოკუპირებული ყირიმიდან, ან სხვა რუსული ქალაქებიდან წამოვლენ, ისინი ცალკე სხვა საფრთხეებს შეიცავენ. ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრები რუსის შეხედულება რუსეთის „ველიკოდერჟავული“ მსოფლმხედველობის მიმართ სრულიად სხვანაირია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც პირველი ნაკადით ჩამოვიდნენ საქართველოში. საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. არა მგონია, რომ ამ ნაკადს საქართველოს ხელისუფლება შეაკავებს. ვნახოთ, ის 40 დღე როგორ განვითარდება, რაც ზელენსკიმ დასახა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების კუთხით. ამ სამხედრო ოპერაციებმა მოსკოვს მშვიდობა უნდა აიძულოს.
- თქვენ ბოლო პოსტში ბევრ კითხვას სვამთ სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილი ძალიან გააქტიურდა, თქვენი აზრით, მიზეზი რა აქვს?
- ყველაზე ავტორიტეტული პირის მისამართითაც კი კითხვების დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სააკაშვილის გააქტიურება არის ჯანსაღი პროცესი. ის გახდა კატალიზატორი იმ ოპოზიციის, რომელიც საკუთარ თავში არის დაკარგული. გარკვეული ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მივიღოთ. სააკაშვილი პირდაპირი ფორმატით ოპოზიციის ლიდერი ვერ გახდება, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე. მორალური კონტექსტის კუთხით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული პოლიტიკისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციურ ველზე.
სააკაშვილთან და მთლიანად ოპოზიციასთან კითხვები გვაქვს და კარგი იქნება, თუ ამ კითხვებზე სწორ შეფასებებს მოვისმენთ. თუ არა, მაშინ შედეგებსაც ვნახავთ. ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რას აკეთებს. რა არის ქართული ოპოზიციის დღის წესრიგი, სურვილის დონეზე ხელისუფლების ცვლილების გარდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცით. მთავარი კითხვა ასე ჟღერს - არის დღევანდელი ოპოზიცია ჩვენი? ეს ოპოზიცია ხალხის არის? მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც დღეს ხელისუფლებას მხარს უჭერს. ოპოზიცია შემდგომი გამარჯვებების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ამომრჩევლის ძალა ხომ არ უნდა იყოს?! ოპოზიციას ჩვენი ესმის? იცის, საერთოდ რა ხდება ქვეყანაში? ზოგიერთ პოლიტიკოსს რომ ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვა პლანეტიდან გვესაუბრებიან. ამ ადამიანებმა იციან, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და რა გვჭირს?
- სოციალური საკითხები არ ესმით.
- სოციალური საკითხების გარდა, პოლიტიკური საკითხებიც არ იციან. მათ პოლიტიკური თანმიმდევრობა არ აქვთ. ქართული ოპოზიცია რუსულ საფრთხეებზეც არ საუბრობს წესიერად. 2016 წლამდე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ხელისუფლება ოპოზიციური დღის წესრიგით სარგებლობდა და ამ დღის წესრიგის მიხედვით უწევდა პასუხების გაცემა გარკვეულ კითხვებზე. 2016 წლის შემდეგ ეს ველი მოსუფთავდა. უამრავმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ამ ხნის განმავლობაში არაერთი რეპრესია განიცადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არაფერს არ აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობამდე არ მისულიყვნენ. 2016 წლის შემდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა რთული გახდა. ისინი ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს მოწყდნენ. ბევრი პოლიტიკური ძალა თავს კომფორტულად გრძნობს. თითქოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, პარლამენტში ადგილები მოიპოვეს და მერე ვიღაცებმა დაჩაგრეს. მათ ჰგონიათ, რომ ჩაგრულის მიმართ ვინმე სტოკჰოლმის სინდრომს გამოიჩენს. პოლიტიკაში გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. გამარჯვებულს ყველაფერი ეპატიება. ქართულ ოპოზიციას შიდა ცვლილებები არასოდეს არ ჰქონია. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ პასუხისმგებლობა არ უღია.
- ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველო“ გამოჩნდა. ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი რა ცვლილებებს მოიტანს ქართულ პოლიტიკაში?
- ბატონი ვიქტორ ყიფიანი არის საკმაოდ განათლებული ადამიანი. მისი შემოსვლა პოლიტიკაში ალბათ მის დღის წესრიგს უკავშირდება. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ახლა გადაწყვიტეს ამ ნაბიჯის გადადგმა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. „თავისუფლების მოედანი“ საკმაოდ აქტიურობს. მე ჯერჯერობით ამ ახალი პარტიების ნაყოფს ვერ ვხედავ. მე ვხედავ, ადამიანების ამბიციებს, მთელი რიგი მიმართულებებით. როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მოდის, მან საზოგადოებას ყველა ენაზე უნდა ელაპარაკოს. გლეხს გლეხის ენაზე უნდა ესაუბროს, ბიზნესმენს ბიზნესმენის ენაზე. და.შ. მე ვხედავ მენტორულ დამოკიდებულებას. სულ მაინტერესებდა, ამ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყარო რა არის? საიდან მოდის ეს თანხები? დიუშენის სინდრომის ბავშვების შემთხვევაში, როდესაც სოციალური კამპანია წამოიწყეს, ეს სხვა კონტექსტი იყო, ანალოგიური აქციებით პარტიებს არავინ გამოკვებავს. პოლიტიკურ პარტიებს, იმისთვის რომ იარსებონ, მოემზადონ არჩევნებისთვის, გახსნან რეგიონებში ოფისები, დააფინანსონ თავიანთი აქტივისტები, ამას დღევანდელი მოცემულობით, როგორც მინიმუმ 5-6 მილიონი ლარი სჭირდება. ამ ახალ შექმნილ პარტიებს ეს რესურსები საიდან აქვთ, ძალიან მაინტერესებს.
- "ოცნება“ ოპოლიდერებს ხელმეორედ დაერია, კიდევ დაიჭერენ?
- ის ფაქტი, რომ ჩვენ ქვეყანაში ამდენი პატიმარი არის, ნიშნავს ორ რამეს. 1) ხელისუფლება ცდილობს, საკუთარ მომხრეებს დაანახოს, რომ ძლიერები არიან. ასევე ცდილობენ, საკუთარ მომხრეებსაც დაანახონ, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგა, მათაც მიადგებიან. ყოფილი პრემიერიც ციხეში უზით. 2) ეს ადამიანები დასავლეთთან სავაჭროდ ემზადებიან. ფსიქოლოგიურ კონტექსტში კი ზოგიერთ ადამიანს აქვს დიდი სურვილი, რომ სხვა ადამიანი დაიმორჩილოს და ამ მომენტით დატკბეს. ეს არის ძალიან ცუდი.
- ივანიშვილის დასანქცირებას ელოდებით?
- რთული საერთაშორისო ვითარება, რომ არ იყოს ჩვენ უფრო მეტ ქმედით ნაბიჯს ვიხილავდით, ევროკავშირის მხრიდან. დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არის საფრანგეთი. საფრანგეთის ხელისუფლება ვალდებულია დაფიქრდეს, თუ რას ჩადის საფრანგეთის მოქალაქე საქართველოში. ერთია, რას მოვისმენთ და მეორეა, რას ვნახავთ. თუ დასავლეთს ვუყვარვართ, მაშინ გვაჩვენონ საგმირო საქმეები.
ესაუბრა: კოტიკო გოგინაშვილი
„ახალი თაობა“