ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტები, მოვლენები და მაგალითები ეფუძნება ღია წყაროებსა და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. მათი მიზანია ასახოს ის პროცესები, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი და საერთაშორისო ინტერესის საგანი გახდა. წარმოდგენილი მასალა აერთიანებს ფაქტებს, განცხადებებსა და მოვლენებს, რომლებიც სხვადასხვა დროს გაშუქდა მედიაში, კვლევით ანგარიშებსა და საჯარო დოკუმენტებში.
მასალის მიზანია, მკითხველს მისცეს შესაძლებლობა, ერთიან კონტექსტში დაინახოს ის ტენდენციები, რომლებიც საქართველოსა და ირანის ურთიერთობების, ირანის რეგიონული გავლენისა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებების შესახებ დისკუსიებში ხშირად ფიგურირებს.
სამთავრობათაშორისო ურთიერთობები.
2024 და 2025 წლებში მომხდარი სამი მოვლენა საქართველოს კურსის ცვლილებას ასახავს.
• საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წელს ირანში ორჯერ ჩავიდა — პირველად ყოფილი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, სადაც ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებიც იმყოფებოდნენ, ხოლო მოგვიანებით პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე.
• 2024 წლის 30 ივლისს კობახიძე ირანში მეორედ გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაში.
• 2025 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა იმ პირთა პატივსაცემად, რომლებიც ამერიკისა და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპნენ.
ირანული ავიაციისთვის საჰაერო სივრცის გახსნა
• პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2022 წლის 4 სექტემბერს, როდესაც B742 ტიპის Boeing 747 აფრინდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან, რაშტთან მდებარე აეროპორტიდან, რომელსაც როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სტატუსი აქვს. თვითმფრინავი ეკუთვნოდა აშშ-ის სანქცირებულ ავიაკომპანია Iran Air-ს. სანქციების ოფიციალური მიზეზი სამხედრო იარაღისა და სამხედრო პერსონალის ირანის საზღვრებს გარეთ გადაყვანა იყო. თვითმფრინავმა გამორთო რადარული სისტემა ერევნის ზვარტნოცის აეროპორტის სიახლოვეს. სომხეთის დატოვების შემდეგ ის საქართველოს საჰაერო სივრცეში შევიდა, საიდანაც რუსეთის ფედერაციაში გადავიდა და მოსკოვში დაეშვა. სავარაუდოდ, ფრენა საქართველოს გავლით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა რუსეთში მიმავალი ირანული სატვირთო თვითმფრინავისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. 5 სექტემბერს იგივე თვითმფრინავი კასპიის ზღვის გავლით ირანში დაბრუნდა.
• 11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ირანის სამხედრო აეროდრომიდან გამოფრინდა, საქართველოს ტერიტორიაზე გადაიფრინა, კახეთს გადაუფრინა და მოსკოვში დაეშვა.
• 19 სექტემბერს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ Iran Air-მა უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების დარღვევით რუსეთში ტვირთები გადაიტანა. ავიაკომპანიას რუსეთში შეჰქონდა აკრძალული საქონელი, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები.
• აშშ-მ დამატებითი სანქციები დააწესა Iran Air-ის კუთვნილ Boeing 747-ებზე. სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავებით განხორციელდა საეჭვო გადაზიდვები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით 4 და 11 სექტემბერს.
• პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ მსგავსი შემთხვევები რეგულარული გახდა.
ირანული კულტურული გავლენა
წყაროები
• Ahl al-Bayt World Assembly (ABWA) — ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ქსელი, რომელიც 1990 წელს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. ოფიციალურად რეგისტრირებულია როგორც კულტურული და რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაცია და შიიტური ისლამის სწავლების გავრცელებას ახორციელებს კონფერენციების, პუბლიკაციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან. 2023 წელს ABWA-ს ხელმძღვანელი აიათოლა რეზა რამაზანი ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.
• ABWA ოთხი შიიტური მედრესეს ქოლგა-ორგანიზაციას წარმოადგენს, ზედამხედველობს მათ საქმიანობასა და სასწავლო პროცესს და განსაზღვრავს მათ იდეოლოგიურ მიმართულებას.
• მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად Ahl al-Bayt-ის ქსელში არ შედიან, ორი ახალგაზრდული ორგანიზაცია მის ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს: Georgian Muslim Youth Union (GMYU) და Union of Georgian Students in Qom (UGSQ). GMYU 2020 წელს დაარსებული შიიტური ახალგაზრდული ორგანიზაციაა, ხოლო UGSQ წარმოადგენს პლატფორმას იმ ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყომში შიიტური თეოლოგიის შესასწავლად არიან გაგზავნილნი.
• აშშ-ის მიერ სანქცირებული Al-Mustafa International University-ის ფილიალი — უნივერსიტეტი საქართველოში არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მიუხედავად ამისა, იგი საჯაროდ უნივერსიტეტად პოზიციონირებს და საქმიანობს თბილისში, ფონიჭალაში, ასევე გარდაბანსა და მარნეულში.
ქმედებები
• ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ შიიტ მოსახლეობაში.
• აიათოლა ხამენეისა და ჰასან ნასრალას მხარდამჭერი აქციები (07.03.2026).
• საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება აშშ-ის ტერიტორიაზე ოპონენტების მკვლელობის მიზნით.
სხვა მაგალითები
• ისლამური სასულიერო პირი ჰაჯი რასიმ მამედოვი პროირანული ორგანიზაციების ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. 2019 წლიდან იგი აშშ-ის No Fly List-ში ფიგურირებს. 2023 წელს მან ირანში მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ყასემ სოლეიმანისადმი იყო მიძღვნილი.
• ირანის მზარდი გავლენის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებად საქართველოში მიიჩნევა „ტასუას“ ყოველწლიური რელიგიური მსვლელობა, რომელსაც Ahl al-Bayt World Assembly აწყობს და რომელსაც რასიმ მამედოვი კურირებს. 2025 წლის მსვლელობა, რომელიც ირანზე ისრაელ-ამერიკის ავიაიერიშების შემდეგ გაიმართა, ყველაზე მასშტაბური იყო და ანტიამერიკულ, ანტი-ტრამპულ და პროირანულ გზავნილებს შეიცავდა.
• ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვი დამნაშავედ ცნო ირანულ-ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჟადის, წინააღმდეგ მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო.
• ცალკე საქმეში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, აგილ ასლანოვი, აზერბაიჯანში დააკავეს მას შემდეგ, რაც, გამოძიების მიხედვით, „ქუდსის ძალების“ მიერ იქნა რეკრუტირებული აზერბაიჯანში ებრაელი ლიდერის მკვლელობის მცდელობის დასახმარებლად.
ზემოაღნიშნული ფაქტები და მოვლენები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საქართველო-ირანის ურთიერთობების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი განვითარდა. სამთავრობო კონტაქტების ინტენსივობა, ირანთან დაკავშირებული სატრანზიტო საკითხები, ირანულ რელიგიურ და კულტურულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ასევე უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ცალკეული შემთხვევები, ქმნის იმ სურათს, რომელიც საქართველოში მიმდინარე საგარეო-პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ყურადღების მიღმა ვერ დარჩება.
ამ მოვლენების ინტერპრეტაცია და პოლიტიკური შეფასება შესაძლოა განსხვავებული იყოს, თუმცა თავად ფაქტები ცხადყოფს, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ გარემოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც საჭიროებს როგორც საზოგადოების, ისე ექსპერტული წრეებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივ ყურადღებას.
ავტორი: ლევან თარხნიშვილი
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ