ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...

16.06.2026 ნახვები: 412

 "კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია"

"მაინცდამაინც, ბრაზილიაში, ამაზონის ტყეები უნდა იწვოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს რაღაცა ფორმით განცდა და რეაქცია ჰქონდეთ"

„სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებაში“ არის სხვა რაღაცა მნიშვნელოვანი წიგნი - „ქართული ოცნების“ "ბიბლია", რომლის ავტორი არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე“

„ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენი ახალგაზრდა დაჩაგრეს. ფიზიკურად რამდენ ადამიანს გაუსწორდნენ და ჩაუდეს ნარკოტიკები, რამდენს რა პროვოკაცია მოუწყვეს. პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ საქმეს ახორციელებენ, როგორც დამსჯელი რაზმები“

„ადამიანებს ციხეში იმიტომ უშვებენ, რომ ბელადმა და პატარა ბელადუკებმა კრიტიკული აზრი არ მოისმინონ“

"ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, რუსმა სამხედროებმა კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს. რუსეთის ამ ბარბაროსულ ქმედებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რატომ დუმს? რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საპატრიარქოს?

- ის ვანდალური ქმედება,  რაც რუსებმა კიევ-პეჩორის ლავრას წინააღმდეგ ჩაიდინეს, არის ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ ჩადენილი ბარბაროსული აქტი. ამისი ავტორი და შემოქმედი არის ვლადიმერ პუტინი და კირილ გუნდიევი. ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, გუნდიევი რა შუაშიაო, მაგრამ ეს ადამიანი არის რუსეთის პატრიარქი, რომელმაც რუსი სამხედროების სამხედრო ტექნიკაც დალოცა და უკრაინის წინააღმდეგ საღვთო ომი გამოაცხადა. შესაბამისად, ეს ორი ადამიანი არის შემოქმედი ამ ბარბაროსულ-ვანდალური აქტის.

კიევ-პეჩორის ლავრა არის მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ტაძარი. ერთ რამეს ვეტყვი საპატრიარქოსა და ქართველ მრევლს, რომ ეს ტაძარი არის ღვთისმშობლის სახელობის. ეს არის იგივე დონის ადგილი ქრისტიანულ მსოფლიოში, როგორც, მაგალითად, არის ათონის მთა. რაც ჩვენთვის არის სვეტიცხოველი. ყველაზე სასტიკ ომშიც კი არის წესები. ასე რომ არ იყოს, მაშინ ამდენი ქრისტიანული ნაგებობა ჩვენამდე არ მოვიდოდა. ეს ვანდალური ქმედება არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების პიკი. საქართველოს საპატრიარქო რაც უფრო დიდხანს შეიკავებს თავს განცხადების გაკეთებისგან, მორიგ ჯერზეც თავს შეირცხვენენ. ეს იქნება დიდი სირცხვილი. განცხადება მკვეთრი და ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს.

- საქართველოს ხელისუფლება რუსების ამ მორიგ რელიგიურ დანაშაულზე რას იტყვის?

- აზრი არ აქვს ისინი რას იტყვიან. არის შემთხვევები, როცა მყისიერი განცხადებები და მყისიერი რეაგირება არის საჭირო. ადამიანები ცხოველებისგან იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ ემოციები და აღქმები გვაქვს. პოლიტიკაშიც ეს აღქმები არსებობს, როცა საქმე ზოგად საკაცობრიო საკითხებს ეხება. მაინცდამაინც, ბრაზილიაში, ამაზონის ტყეები უნდა იწვოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს რაღაცა ფორმით ჰქონდეს განცდა და რეაქცია. ჩვენ როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების 1700 წლისთავს აღვნიშნავთ, მით უმეტეს, ასეთ დროს რეაქცია უნდა ჰქონდეთ იმ ბარბაროსულ ქმედებაზე, რაც რუსებმა ჩაიდინეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ამათ რეაქციებს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მოლაპარაკე თავმა თქვა, რომ ჩვენ დიდი ხანია ბრიუსელის და ევროკავშირის დოკუმენტებს აღარ ვკითხულობთ. თუ არ ვცდები, ეს იყო ბატონი შარმანაშვილი. სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებაში“ არის სხვა რაღაცა მნიშვნელოვანი წიგნი - „ქართული ოცნების“ "ბიბლია", რომლის ავტორი არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე.

მე მოვუწოდებ, გამოიტანონ ეს წიგნი, რომელშიც კითხულობენ იმ რეზოლუციებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს, მსოფლიო-საკაცობრიო მორალურ თეზისებს და გაგვაგებინონ, რითი ცხოვრობენ. ივანიშვილის "ბიბლია" არის ისეთი დოკუმენტი, რომელზეც ერთ დღეს ყველა დავიფიცებთ? იქნებ სულაც დაგვავიწყდეს 1700 წლის წინ გაქრისტიანებული საქართველოს ცხოვრების წესები. კეთილი ინებონ და ეს "ბიბლია" გვაჩვენონ, იქნებ რაღაცაში მაინც გავერკვეთ.

- უვიზო რეჟიმის შეჩერებას ელოდებით?

- იმედია ეს არ მოხდება. მათ სხვა მექანიზმებიც აქვთ, რითაც შეუძლიათ დასახულ მიზანს და შედეგს მიაღწიონ. პოლიტიკური მიზნების შესრულება სხვა ქმედებებითაც არის შესაძლებელი. როცა ევროკავშირი რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს, ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს საფრანგეთიც. საფრანგეთის პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებებიც გვახსოვს, ასევე საელჩოს განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ დღეს ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება, უკავშირდება საფრანგეთის მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს და იქნებ უფრო მეტად განიხილონ ეს პოლიტიკური საკითხი. იქნებ საფრანგეთის ხელისუფლება იმ ფაქტით შეწუხდეს, რომ საქართველოში ადამიანების უფლებების შელახვის მთავარი შემოქმედი არის საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. ამას ყურადღება მიაქციონ.

- უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქართველი ხალხის დასჯა იქნება?

- არა, ეს ქართველი ხალხის დასჯა არ იქნება. ეს იქნება იმის დადასტურება, რომ თუ თქვენ იმ პროცესს, რაც საქართველოში მიდის, ეგუებით, მაშინ იყავით თქვენს სახლში. ჩვენთან არაფერი საქმე არ გაქვთ. ამ გააზრებით, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ქართველი ხალხის სულისკვეთების შესახებ დასავლეთის დედაქალაქებში ინფორმაციას ფლობენ. ქართველი ხალხი იმის გამო არ უნდა დაისაჯოს, რომ ისინი დღეს რეპრესიების ქვეშ იმყოფებიან.

- ქართულ პოლიციურ სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების გზას რაში ხედავთ?

- რაზეც 2022 წელს სამთავრობო ჩატებში ღადაობდნენ, ეს ჩვენ გარეთ გამოტანილი ვნახეთ 2024 წელს. ეს იყო რეპეტიცია. ეს ხდება ყველა განყოფილებაში. როდესაც ვიღაცები წუხან, თუ რატომ შემცირდა პროტესტი, ჩვენ აღარ გვახსოვს, ამ ადამიანებს რა რეპრესიები გაატარეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენი ახალგაზრდა დაჩაგრეს. ფიზიკურად რამდენ ადამიანს გაუსწორდნენ და ჩაუდეს ნარკოტიკები, რამდენს რა პროვოკაცია მოუწყვეს. პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ საქმეს ახორციელებენ, როგორც დამსჯელი რაზმები. იმაზე საუბარი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავ სტრუქტურებში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, არის თვალში ნაცრის შეყრა. ეს კადრები რატომ თავიდანვე არ გაასაჯაროვეს? სამართალდამცავი ორგანოები სადამსჯელო ორგანოებად არიან ქცეულნი. ჩვენ მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვყოფილვართ. ამ ადამიანების ხელში ჯერ კიდევ ცოცხლები რომ ვართ.

- ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4.000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ნინო წილოსანზე ნეგატიური კომენტარი დაწერა. ფეისბუქზე პოსტების წერა საშიში გახდა?

- ჩვენ ეს ყველაფერი არ გვიკვირს. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ვიცით. ჩვენ ამას ველოდებოდით. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ კრიტიკული აზრი გაქრეს. კრიტიკული აზრის გამომთქმელი მტერი ჰგონიათ. კრიტიკული აზრი იმისთვის არსებობს, რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს. შენ ამას არგუმენტით უნდა მოუგო. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის სასაცილოც და სატირალიც. ადამიანებს ციხეში იმიტომ უშვებენ, რომ ბელადმა და პატარა ბელადუკებმა კრიტიკული აზრი არ მოისმინონ. კრიტიკული აზრის დემონსტრირების გამო ადამიანის ციხეში გაშვება სიძლიერის დემონსტრირება არ არის. ეს არის იმის ნიშანი, თუ როგორი სუსტია დღეს ხელისუფლება.

ესაუბრა - კოტიკო გოგინაშვილი

ახალი თაობა 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა