გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ და ტრამპს საშინაო პოლიტიკაში საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას გაურთულებენ, აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანოს, სადაც გადაწყვეტილებების მიღების უფრო ფართო უფლებამოსილება აქვს.
დიპლომატების შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო ნაბიჯი ევროპიდან დამატებით რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანაა. შეშფოთებას აძლიერებს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების საკითხის გადახედვა, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
წყაროების ვარაუდით, ტრამპმა შესაძლოა, ჯარების გაყვანის მასშტაბი გაზარდოს, რათა საკუთარი პოლიტიკური მხარდამჭერები, განსაკუთრებით MAGA-ს მოძრაობის წარმომადგენლები, გაააქტიუროს.
დიპლომატები სხვა შესაძლო გადაწყვეტილებებზეც საუბრობენ, მათ შორის ნატო-ს საერთო ბიუჯეტში აშშ-ის ფინანსური შენატანების შემცირებაზე, უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვის პროგრამის (PURL) შეზღუდვასა და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.
Politico-ს ინფორმაციით, ნატო-მ და აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გამოცემის მოთხოვნას აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის გაკეთების შესახებ არ უპასუხეს.