პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან

ნახვები: 1223 წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან

თორნიკე ტატუნაშვილის პროფესიული გამოცდილება სისხლის სამართლის პროცესის ორი განსხვავებული მხარის გამოცდილებას აერთიანებს. 7 წლის განმავლობაში ის პროკურორი იყო, მანამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღეს კი ადვოკატის სტატუსით ბრალდებულთა ინტერესებს იცავს.

პროკურორი სახელმწიფოს სახელით ცდილობს სასამართლოს წინაშე ბრალდების დასაბუთებას, ადვოკატის ამოცანა კი, ბრალდებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაა. როდესაც ადამიანს ორივე პროფესიული გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით საინტერესო ხდება კითხვა, როგორ იცვლება ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმის აღქმა მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზში ბრალდების პოზიციიდან დაცვის მხარეს გადაინაცვლებ. 

- ბატონო თორნიკე, რამდენიმე წლის განმავლობაში პროკურორი იყავით. რატომ გადაწყვიტეთ ბრალდების მხარის დატოვება და ადვოკატურაში გადასვლა?

პროკურატურაში გატარებული წლები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება იყო. ამ პერიოდში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მომიწია მუშაობა, გამოძიების პროცესში ჩართულობა, მტკიცებულებების შეფასება და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე გადავწყვიტე, პროფესიული საქმიანობა სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა და ადვოკატურაში გადავსულიყავი.

ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პროფესიული ცვლილება აღმოჩნდა, რადგან დღეს იმავე სისხლის სამართლის პროცესს უკვე მეორე მხრიდან ვუყურებ.

თუმცა, ამ ორ პროფესიას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აერთიანებს – ორივე შემთხვევაში შენი გადაწყვეტილება მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა წინასწარ შექმნილ წარმოდგენას ადამიანზე. ბრალდებულის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ეს არის სამართლებრივი სტატუსი და სწორედ სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა პირის ბრალეულობა დამტკიცებული.

გარდა ამისა, როგორც პროკურორი, ასევე, ადვოკატი, ვალდებულნი არიან დაიცვან ადამიანის უფლებები.-

- რატომ დიმიტრი მჭედლიშვილის საადვოკატო ბიურო?

როდესაც პროკურორი ვიყავი, დიმიტრი მჭედლიშვილი სწორედ საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე გავიცანი. რა თქმა უნდა, მას გამოარჩევს პროფესიონალიზმი. ის წლების განმავლობაში იყო მოსამართლე და უკვე 12 წელია ადვოკატია. ბუნებრივია, ის ღირსება, საქმის მიმართ მიდგომა და პატიოსნება, რაც მას ახასიათებს, ჩემთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი და ამიტომ, როდესაც ადვოკატობა გადავწყვიტე, შევთანხმდით ერთად მუშაობაზე.

- თქვენ თავად იყავით პროკურორი და ახლა ადვოკატი ხართ. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად გეხმარებათ პროკურორად მუშაობის პერიოდი დღევანდელ საქმიანობაში?

ბუნებრივია, მეხმარება. ვიცი, როგორ შეიძლება იფიქროს მოწინააღმდეგე მხარემ, რა შეკითხვები შეიძლება გაჩნდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სად შეიძლება იყოს საქმის ძლიერი ან სუსტი მხარე. ეს გამოცდილება ნამდვილად გაძლევს შესაძლებლობას, საქმე მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან არ დაინახო.

ადვოკატი, ჩემი აზრით, არის არა მხოლოდ კონკრეტული პირის წარმომადგენელი, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. მას შეუძლია და, გარკვეულ შემთხვევებში, ვალდებულიცაა, ყურადღება გაამახვილოს იმ პრობლემაზე, რომელიც ერთი ადამიანის საქმეში გამოიკვეთა, მაგრამ შეიძლება სხვა ადამიანებსაც შეეხოთ.

– ამ თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატის დამოუკიდებლობა?

უპირობოდ მნიშვნელოვანია. ადვოკატმა უნდა შეძლოს, დაიცვას ადამიანის უფლება მაშინაც, როცა ეს პოზიცია შეიძლება არაპოპულარული იყოს.

ადვოკატის პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მხარე სწორედ ისაა, რომ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ზოგჯერ შენი დაცვის ქვეშ მყოფს საზოგადოება უკვე დამნაშავედ აღიქვამს. ასეთ დროს ადვოკატის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ადვოკატი არ არის ვალდებული ამტკიცოს ის, რაც საზოგადოებას იმ მომენტში ყველაზე მეტად მოსწონს. მისი ვალდებულებაა დაიცვას კანონი, ადამიანის უფლებები და თავისი კლიენტის კანონიერი ინტერესები.

ძლიერი და დამოუკიდებელი ადვოკატი, საბოლოოდ თავად მართლმსაჯულების სისტემას აძლიერებს.

– ხშირად ამბობენ, რომ ადვოკატი მხოლოდ თავისი კლიენტის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. სად გადის ზღვარი კლიენტის ინტერესსა და საზოგადოების ინტერესს შორის?

ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ადვოკატმა კლიენტის კანონიერი ინტერესები უნდა დაიცვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ნებისმიერი საშუალების გამოყენება.

ადვოკატისთვის კანონი და პროფესიული ეთიკა ის საზღვრებია, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. სწორედ ეს განასხვავებს პროფესიულ დაცვას უბრალოდ ნებისმიერი გზით სასურველი შედეგის მიღწევის მცდელობისგან.

მე ვიტყოდი, რომ ადვოკატის პასუხისმგებლობა ორმაგია – ერთი მხრივ, ის კონკრეტული ადამიანის უფლებებს იცავს, მეორე მხრივ კი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს სამართლიანი პროცესის არსებობას.

– რამდენად ხედავთ ადვოკატს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად?

ძალიან მკაფიოდ.

სამოქალაქო ჩართულობა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა ან საჯარო განცხადებების გაკეთება არ არის. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიხატოს იმაშიც, რომ ადამიანი იცავს საკუთარ უფლებებს და სხვებსაც ეხმარება, გაიაზრონ საკუთარი უფლებები.

ადვოკატს ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს, რადგან მას შეუძლია რთული სამართლებრივი საკითხები საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ახსნას და ადამიანებს დაანახოს, რომ უფლება მხოლოდ კანონში დაწერილი სიტყვა არ არის.

ადამიანი, რომელმაც იცის თავისი უფლება და იცის, როგორ დაიცვას ის, უფრო მეტად არის ჩართული საკუთარ საზოგადოებაში. შესაბამისად, კარგი ადვოკატის საქმიანობას შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, რომელიც ერთი კონკრეტული სასამართლო საქმის ფარგლებს სცდება.

ამიტომ ადვოკატის საზოგადოებრივი როლი მხოლოდ სასამართლო დარბაზით არ შემოიფარგლება. როდესაც იურისტი საზოგადოებას სამართლებრივ საკითხებს გასაგებ ენაზე უხსნის, ის გარკვეულწილად ხელს უწყობს მოქალაქის გაძლიერებასაც.

- ყველაზე პირდაპირი კითხვა: ერთი და იგივე სისხლის სამართლის საქმე განსხვავებულად ჩანს პროკურორის და ადვოკატის პოზიციიდან?

რა თქმა უნდა. ფაქტები შეიძლება იგივე იყოს, მტკიცებულებებიც იგივე, მაგრამ პროფესიული ამოცანა სრულიად განსხვავებულია.

პროკურორის შემთხვევაში აფასებ, საკმარისია თუ არა მტკიცებულებები სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რამდენად მყარია ბრალდება და შეძლებ თუ არა მის სასამართლოში დასაბუთებას.

ადვოკატის შემთხვევაში კი იმავე მასალებს სხვა კითხვებით კითხულობ: სად არის ბრალდების სუსტი წერტილი? რომელი მტკიცებულება შეიძლება იყოს არასანდო ან დაუშვებელი? რა გარემოება დარჩა გამოძიების ყურადღების მიღმა? არსებობს თუ არა ფაქტი, რომელიც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა შეფასდეს?

სწორედ ამიტომ ერთი და იგივე საქმის ორი სხვადასხვა პროფესიული პერსპექტივიდან დანახვა ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.

- როდესაც პროკურორი იყავით, რას ელოდებოდით ძლიერი ადვოკატისგან?

კარგად მომზადებულ ადვოკატთან პროცესი ყოველთვის განსხვავებულია.

ძლიერი ადვოკატი არ შემოიფარგლება ხმამაღალი გამოსვლით. მან იცის საქმის თითოეული დეტალი, ხედავს წინააღმდეგობებს, სწორ დროს აყენებს შუამდგომლობას და ზუსტად იცის, რა მიზანი აქვს კონკრეტული მოწმისთვის დასმულ კითხვას

პროკურორისთვის ყველაზე რთული ოპონენტი სწორედ კარგად მომზადებული ადვოკატია.

-   ახალგაზრდა ადვოკატებს ხშირად შეიძლება ეგონოთ, რომ ძლიერი დამცველი აუცილებლად აგრესიული უნდა იყოს. რატომ არის ეს წარმოდგენა მცდარი?

ადვოკატის მიზანი არ არის სასამართლო დარბაზს თავი მოაწონოს.

ის არც პროკურორს ებრძვის პირადად და არც მოსამართლეს.

მისი ამოცანაა კლიენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედოს

ზოგჯერ ძალიან მშვიდად დასმული ერთი ზუსტი კითხვა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ათწუთიანი ემოციური გამოსვლა

აგრესიულობა და პროფესიონალიზმი ერთმანეთის სინონიმები არ არის.

– დღეს ხშირად ვხედავთ ადვოკატებს, რომლებიც სასამართლო პროცესის პარალელურად აქტიურად საუბრობენ საქმეზე სოციალურ ქსელებში. თქვენ როგორ უყურებთ ამას?

საჯარო კომუნიკაციას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატის მთავარი ბრძოლა სასამართლო დარბაზში მიმდინარეობდეს.

სოციალურ ქსელში შეიძლება ძალიან მარტივად შექმნა გარკვეული განწყობა – დაწერო ერთი ემოციური წინადადება, გამოიტანო საქმიდან ერთი ეპიზოდი და ადამიანებს ისეთი წარმოდგენა შეუქმნა, თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე ასე არ მუშაობს.

სასამართლოში კი სხვა სტანდარტია – იქ უნდა წარადგინო მტკიცებულება, კრიტიკულად დაკითხო მოწმეები, აღმოაჩინო საქმეში არსებული წინააღმდეგობები, დაასაბუთო შენი პოზიცია და მეორე მხარის არგუმენტებს უპასუხო.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როცა საქმეში ნაფიცი მსაჯულები არიან ჩართული. გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და არა სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაციისა თუ ემოციური კამპანიის შედეგად.

– როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადვოკატი?

თანამედროვე ადვოკატი მხოლოდ კანონების მცოდნე ადამიანი ვერ იქნება.

მას უნდა შეეძლოს სამართლებრივი პრობლემის დანახვა ფართო კონტექსტში, უნდა ესმოდეს ადამიანის უფლებები, პროფესიული ეთიკა, სასამართლო პრაქტიკა და ის გარემო, რომელშიც კონკრეტული საქმე განიხილება.

ამასთან, აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. ხშირად კლიენტს პირველად სწორედ ადვოკატი ესაუბრება იმ მომენტში, როცა ის ყველაზე მეტად არის დაბნეული, შეშინებული ან დაუცველი. ასეთ დროს მხოლოდ სამართლებრივი ტერმინებით საუბარი საკმარისი არ არის. ადამიანს უნდა აუხსნა, რა ხდება, რა უფლებები აქვს, რა შესაძლებლობები არსებობს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა არ არის შესაძლებელი.

ვფიქრობ, ადვოკატის პროფესიული ღირსება სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობაშია – ცოდნა, დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, ეთიკა და ადამიანის მიმართ პატივისცემა.

მიმაჩნია, რომ კარგი ადვოკატი საბოლოოდ ის კი არ არის, ვინც ყველა საქმეს იგებს, არამედ ის, ვინც ყველა საქმეში პროფესიონალურად, პატიოსნად და პასუხისმგებლობით ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

მადლობა ბატონო თორნიკე

ესაუბარა დათა ანდრონიკაშვილი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა