„როდესაც „ქართული ოცნება“ სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს, უნდა შეხედოს, რა დამართა ელენე ხოშტარიას. საერთოდ რატომ ზის ელენე ხოშტარია ციხეში, რა დააშავა? იმის გამო, რომ ბანერზე მარკერით რაღაც დააწერა? ანუ „ქართული ოცნებისთვის“ ბანერი და მარკერი უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. კრიმინალი ელენე ხოშტარია არ არის. ეს არის იმის მაჩვენებელი, სადამდე შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მივიდეს, რომ არაფერი ჰუმანური და ადამიანური მასში არ არის. ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა პირდაპირ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა წითლიძემ.
პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს. კლინიკაში ის ეტლით შეიყვანეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხოშტარია რამდენიმე თვის წინ კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა, საიდანაც 27 სექტემბერს რუსთავის ქალთა ციხეში დააბრუნეს.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის – „რუსული ოცნება“ – გაკეთების გამო დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას გულისხმობს.
სასამართლომ თავდაპირველად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდაზეც ხოშტარიამ უარი განაცხადა. მოგვიანებით მოსამართლე გიორგი არევაძემ ის დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.