დიმიტრი მჭედლიშვილის პროფესიული გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემის ორ განსხვავებულ მხარეს აერთიანებს. წლების განმავლობაში იგი მოსამართლე იყო, დღეს კი სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებულთა ინტერესებს იცავს.
სწორედ ამიტომ მასთან საუბარი მხოლოდ ადვოკატის პროფესიის შესახებ საუბარი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, მართლმსაჯულებას შევხედოთ როგორც მოსამართლის, ისე დამცველის გამოცდილებიდან.
როგორ იქმნება დაცვის სტრატეგია, რას ნიშნავს მტკიცების სხვადასხვა სტანდარტი, როდის შეიძლება ადამიანის პატიმრობა განაჩენის გამოტანამდე, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს საგამოძიებო უფლებამოსილებასა და ადამიანის უფლებებს შორის და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ადვოკატს, როდესაც მას ადამიანი საკუთარ თავისუფლებას ანდობს.
ბატონო დიმიტრი, თქვენ მართლმსაჯულების სისტემა ორივე მხრიდან გაქვთ ნანახი. იყავით მოსამართლე და წლებია სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებულთა ინტერესებს იცავთ. რას გაძლევთ დღეს ყოფილი მოსამართლის გამოცდილება?
მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, საქმეს მხოლოდ დაცვის მხარის პოზიციიდან არ შევხედო. როდესაც საქმეს ვეცნობი, ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავს დავუსვა კითხვა: მე რომ ამ საქმის მოსამართლე ვიყო, რა დამარწმუნებდა და რა გამიჩენდა ეჭვს?
დაცვის სტრატეგია მხოლოდ ემოციაზე ვერ აშენდება. მნიშვნელოვანია მტკიცებულება, მისი დასაშვებობა, სანდოობა, სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობა და საბოლოოდ ის, თუ რამდენად გაუძლებს იგი სასამართლოში გამოკვლევას.
თქვენთან მოსული ადამიანისთვის ხშირად მთავარი კითხვაა: „გამიყვანთ თუ არა გარეთ?“ რამდენად სწორია, როდესაც ადვოკატი საქმის შესწავლის გარეშე კლიენტს შედეგს ჰპირდება?
ჩემი აზრით, ეს ერთ ერთი პირველი ნიშანია, რის გამოც ადამიანი უნდა დაფიქრდეს ადვოკატის პროფესიონალიზმზე.
ადვოკატთან მისულ ადამიანს ხშირად სურს მოისმინოს ის, რაც მისთვის სასიამოვნოა, სასურველია. მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის კლიენტს ყალბი იმედი და მოლოდინი შევუქმნა. ჩემი ამოცანაა რეალობა ავუხსნა.
მე ყოფილი მოსამართლე ვარ და ყოფილა შემთხვევები, როდესაც პროცესის მიმდინარეობისას წინასწარ თავადაც არ ვიცოდი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მივიღებდი. სასამართლო ცოცხალი პროცესია. შეიძლება მოწმის ჩვენება შეიცვალოს, ახალი გარემოება გამოვლინდეს ან კონკრეტული მტკიცებულება სხვაგვარად შეფასდეს.
ამიტომ ადვოკატი, რომელიც საქმის შესწავლის გარეშე შედეგის გარანტიას იძლევა, რეალურად ისეთ რამეს ჰპირდება კლიენტს, რისი დაპირებაც მას არ შეუძლია.
რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოს ადამიანმა ადვოკატი, როდესაც სისხლის სამართლის პრობლემის წინაშე დგას?
პირველ რიგში უნდა დააკვირდეს, რამდენად კომპეტენტურია ადვოკატი, რამდენად კვალიფიციურად პასუხობს საქმის გარშემო არსებულ კითხვებს, რამდენად გულწრფელია და რამდენად სანდოა.
კარგი ადვოკატი კლიენტს მხოლოდ იმას არ ეუბნება, რისი მოსმენაც მას უნდა. ზოგჯერ პროფესიონალიზმი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს რთული რეალობა სწორად აუხსნა.
რამდენად მნიშვნელოვანია ბრალდებულის სრული გულწრფელობა საკუთარ ადვოკატთან?
ეს ერთ ერთი მთავარი საკითხია. ხშირად ექიმის მაგალითი მომყავს. თუ ექიმთან მიდიხართ და მნიშვნელოვან სიმპტომს უმალავთ, მას სწორი დიაგნოზის დასმა გაუჭირდება.
ზუსტად ასეა ადვოკატთანაც.
კლიენტმა არ უნდა დამიმალოს ისეთი დეტალიც კი, რომელიც თვითონ უმნიშვნელოდ მიაჩნია. შეიძლება სწორედ ეს დეტალი აღმოჩნდეს მოგვიანებით მნიშვნელოვანი, ხოლო დამალვის შემთხვევაში - სასამართლოში ჩვენთვის უსიამოვნო სიურპრიზად იქცეს.
ადამიანი, რომელიც შენთან მოდის, განსაცდელშია. მან უნდა იგრძნოს, რომ მისი პრობლემა შენთვის ფორმალური საქმე არ არის. რომ შენც გაწუხებს მისი პრობლემა და ცდილობ, დაეხმარო. ასეთი ურთიერთობის საფუძველი კი გულწრფელობა და ნდობაა.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქმის სირთულის გამო დაცვაზე უარი გითქვამთ?
საქმის სირთულის გამო დაცვაზე არასდროს მითქვამს უარი.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქმის შესწავლის შემდეგ მითქვამს, რომ ამ კონკრეტულ ვითარებაში ადვოკატის განსაკუთრებული ჩართულობა შედეგს პრაქტიკულად ვერ შეცვლის და ყველაზე რაციონალური გამოსავალი საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობაა.
ასევე მქონია შემთხვევა, როდესაც დაცვაზე უარი მითქვამს იმიტომ, რომ ვხედავდი, კლიენტი მატყუებდა ან მნიშვნელოვან გარემოებებს მიმალავდა.
თუ ნდობა არ არსებობს, ეფექტიანი დაცვა ძალიან რთული ხდება.
საზოგადოება ზოგჯერ ადვოკატს მის დასაცავ პირთან აიგივებს. რამდენად რთულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის დაცვა?
არასწორია ადვოკატის გაიგივება მის დასაცავ პირთან. შესაძლოა ადვოკატს არ მოსწონდეს დასაცავი პირის ცხოვრების წესი, არ ეთანხმებოდეს მის მორალურ ღირებულებებს, მაგრამ ადვოკატის ფუნქცია არ არის გადაწყვიტოს, ვის „ეკუთვნის“ დაცვა და ვის არა. თუ ადამიანს სახელმწიფო დანაშაულის ჩადენას ედავება, მას აქვს დაცვის უფლება.
ადვოკატის ამოცანაა შეამოწმოს, არსებობს თუ არა ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები, კანონიერად არის თუ არა ისინი მოპოვებული, სწორად არის თუ არა ქმედება სამართლებრივად შეფასებული და დაცულია თუ არა ბრალდებულის უფლებები. ეს ყველაფერი კი უნდა შეაფასოს სასამართლომ და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის განწყობა თუ წინასწარ გამოტანილი ,,მსჯავრი“ ვერასდროს ჩაანაცვლებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როდის შეიძლება საპროცესო შეთანხმება კლიენტისთვის საუკეთესო გამოსავალი იყოს?
ადვოკატის პროფესიონალიზმი იმით არ იზომება, ყველა საქმე ბოლომდე სასამართლო განხილვამდე მიიყვანა თუ არა.
ზოგჯერ მტკიცებულებითი სურათი ისეთია, რომ კლიენტისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა საპროცესო შეთანხმების გზით შეიძლება.
თუ საქმის სასამართლოში გაგრძელება ადამიანს ბევრად მძიმე შედეგის რეალური რისკის წინაშე აყენებს, ადვოკატის მოვალეობაა კლიენტს ეს გულწრფელად აუხსნას.
საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილება კი ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
შეიძლება ადვოკატმა პირდაპირ უთხრას კლიენტს, რომ ამ საქმის მოგების პერსპექტივა ძალიან მცირეა?
აუცილებლად. კლიენტმა ეს უნდა იცოდეს.
ადვოკატის ფუნქცია ცრუ იმედების შექმნა არ არის.
ადამიანმა უნდა იცოდეს მისი საქმის შესაძლო შედეგების შესახებ - თუ რა იქნება მისთვის საუკეთესო გამოსავალი ამ კონკრეტული საქმიდან და ყველაზე ცუდი შედეგიც, რაც შეიძლება დადგეს. ადვოკატმა მას უნდა აუხსნას ის რისკებიც, რომლებიც თითოეულ გადაწყვეტილებას ახლავს.
როდის ურჩევთ ბრალდებულს დუმილის უფლების გამოყენებას?
ყველა საქმე არის ინდივიდუალური და ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ბრალდებულმა უნდა შეათანხმოს თავის ადვოკატთან.
თქვენ თქვით: „უსამართლო მოსამართლეზე საშიში არავინაა“. რატომ?
იმიტომ, რომ სასამართლოში მისულ ნებისმიერ ადამიანს ბუნებრივად აქვს საკუთარი სიმართლის პოვნის იმედი. მას აქვს განცდა, რომ მოსამართლე, რომელსაც უდიდესი ძალაუფლება გააჩნია და გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით, იქნება ობიექტური და სამართლიანი. მოსამართლის გადაწყვეტილებით ხომ მხოლოდ ერთი ადამიანის (ბრალდებულის) ბედი არ წყდება. რადიკალურად იცვლება არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის ცხოვრებაც.
იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლე გულდასმით არაა გაცნობილი საქმის მასალებს, გულგრილად ეკიდება საქმის გარემოებების გამოკვლევას, არ ინტერესდება ბრალდებულის გამამართლებელი ან მისთვის სასიკეთო გარემოებებით, მუდმივად ცდილობს დაეხმაროს ბრალდების მხარეს და მიიღოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება - ეს აჩენს განცდას, რომ მოსამართლე უსამართლოა. ბრალდებულის, მისი ოჯახის და ახლობლების წარმოდგენაში იმსხვრევა სამართლიანობის განცდა და რჩებათ უსამართლობის შეგრძნება.
საზოგადოებაში გაზრდილი უსამართლობა კი იწვევს ქაოსს და არეულობას!
ამიტომაა საშიში ასეთი მოსამართლე და მის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება.
მხოლოდ კანონის ტექნიკური ცოდნა საკმარისი არ არის. მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი.
პროფესიონალიზმი აუცილებელია, მაგრამ თუ ადამიანი სამართლიანი არ არის, მხოლოდ მაღალი კვალიფიკაცია პრობლემას ვერ გადაჭრის.
სწორედ ამიტომაც, უსამართლო მოსამართლეზე საშიში არავინ არის.
ყოფილი მოსამართლის თვალით, როგორ ხვდება ადვოკატი, რომ მოსამართლეს მისი არგუმენტი არ სჯერა?
ზოგჯერ ამას მოსამართლის დასმული კითხვებიდან, პროცესის დინამიკიდან და იმ საკითხებიდან ხედავ, რომლებზეც სასამართლო ყურადღებას ამახვილებს.
მაგრამ ადვოკატმა დაცვა მოსამართლის განწყობის გამოცნობაზე არ უნდა ააწყოს.
მისი საქმეა სამართლებრივად და ფაქტობრივად გამართული პოზიციის წარდგენა.
რამდენად სახიფათოა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სოციალური ქსელებით განხილვა?
პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობა სოციალური ქსელით არ უნდა წყდებოდეს და არც სასამართლო უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში შექმნილი განწყობების მიხედვით.
ადვოკატს შეუძლია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, განმარტოს სამართლებრივი საკითხი და დაიცვას კლიენტი არასწორი ინფორმაციისგან, მაგრამ მთავარი პროფესიული ბრძოლა სასამართლო დარბაზში უნდა მიმდინარეობდეს.
ანუ სასამართლო პროცესი არ უნდა გადაიქცეს პიარის ნაწილად?
ადვოკატის მთავარი ამოცანა საკუთარი თავის პოპულარიზაცია არ არის.
მთავარია კლიენტის საუკეთესო ინტერესი.
თუ ადვოკატის საჯარო მოქმედება საკუთარ პოპულარობას ემსახურება, მაგრამ კლიენტის
სამართლებრივ მდგომარეობას აზიანებს, ეს უკვე პრობლემაა.
რა ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებას კონკრეტული ადამიანის მიმართ „განაჩენი“ სასამართლომდე უკვე გამოტანილი აქვს?
სწორედ ამიტომ არსებობს სასამართლო.
საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს ემოციური რეაქცია, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მაგრამ სასამართლოს სხვა პასუხისმგებლობა აქვს.
სასამართლომ ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ემოცია და მტკიცებულება, ვარაუდი და დადგენილი ფაქტი, ბრალდება და დამტკიცებული ბრალეულობა.
თუ ამ განსხვავებას წავშლით, სასამართლოს არსებობის აზრსაც დავკარგავთ.
რას ურჩევდით ახალგაზრდა ადვოკატს, რომელიც დღეს პირველად შედის სისხლის სამართლის პროცესზე?
პირველ რიგში უნდა იცოდეს, რომ ადვოკატობა მხოლოდ კარგი პიჯაკის ჩაცმა და სასამართლოში ეფექტური გამოსვლა არ არის.
ამ ყველაფრის მიღმა დგას ძალიან დიდი შრომა, გათენებული ღამეები, საქმის მასალების არაერთხელ წაკითხვა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა.
იურისპრუდენცია მუდმივად ვითარდება, იცვლება კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა.
თუ ადვოკატმა სწავლა შეწყვიტა, პროფესიულ განვითარებასაც შეწყვეტს. ამიტომ არ გაჩერდნენ და მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე.
რა არის ახალგაზრდა ადვოკატის ერთ ერთი ყველაზე დიდი შეცდომა?
როდესაც სასამართლო დარბაზი სცენა ჰგონია და საკუთარი თავი მთავარი მოქმედი პირი.
მთავარი მოქმედი პირი ადვოკატი არ არის. მთავარი - კლიენტის ინტერესია.
ხმამაღალი საუბარი და აგრესიულობა პროფესიონალიზმს არ ნიშნავს.
ძლიერი ადვოკატი არის ის, ვინც საქმე საფუძვლიანად იცის, შეუძლია მტკიცებულებების ანალიზი, სწორი კითხვების დასმა და რთული სამართლებრივი საკითხის სასამართლოსთვის გასაგებად ახსნა.
და ბოლოს, თქვენთვის უფრო მძიმე პასუხისმგებლობა რომელია: მოსამართლის სკამიდან ადამიანის ბედზე გადაწყვეტილების მიღება თუ ადვოკატის ადგილიდან ბრძოლა იმისთვის, რომ სასამართლო თქვენს არგუმენტებში დაარწმუნოთ?
ორივეს თავისი უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს.
მოსამართლეს საბოლოო გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა აწევს.
ადვოკატს კი კონკრეტული ადამიანი ანდობს საკუთარ თავისუფლებას, რეპუტაციას და ზოგჯერ ფაქტობრივად მთელ მომავალს.
სწორედ ამიტომ, ამ პროფესიაში ზედაპირულად მუშაობა არ შეიძლება.
ერთი გამორჩენილი დეტალი, ერთი დაუსმელი კითხვა, ერთი გამოუყენებელი მტკიცებულება ან არასწორად შერჩეული სტრატეგია შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე აისახოს.
პროფესიონალი ადვოკატი ამიტომ არასოდეს უნდა წყვეტდეს სწავლას, საკუთარ თავზე მუშაობას და თითოეული საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომას.
მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
ესაუბრა თამთა ღვინიაშვილი