შალვა პაპუაშვილმა პროტესტის 666-ე დღეს ვრცელი წერილი მიუძღვნა იმას, თუ როგორ გადაიქცა, მისი შეფასებით, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“. თურმე სექტანტურობის ნიშნები ყოფილა ერთსა და იმავე ადგილას შეკრება, დროშების ფრიალი, სიმღერა, საერთო თარიღების აღნიშვნა, ერთმანეთის მხარდაჭერა და იმის რწმენა, რომ შენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს.
კაცმა ისეთი მონდომებით აღწერა რელიგიური რიტუალები, ლამის ვიფიქრე, შემდეგ წერილში ტაძარში განმეორებადი მსახურების, საეკლესიო კალენდრისა და ერთობლივი ლოცვის საზოგადოებრივ საფრთხეებზე დაგველაპარაკება-მეთქი.
არადა, თავად პაპუაშვილიც არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტაძარში, რელიგიურ დღესასწაულებზე. საინტერესოა, იქ განმეორებადი რიტუალი ტრადიციაა, საერთო სიმბოლო - სიწმინდე, ერთსა და იმავე ადგილას შეკრება - ღვთისმსახურება, ხოლო რუსთაველზე იგივე გარეგნული ნიშნები უცებ „სექტანტურობის“ მტკიცებულებად როგორ იქცევა?
ცხადია, ტაძარში ლოცვასა და პარლამენტთან პროტესტს განსხვავებული შინაარსი აქვს. სწორედ ამიტომ არის პაპუაშვილის შედარება უსუსური: შეკრების განმეორებადობა, საერთო სიმბოლოები და კალენდარი თავისთავად არაფერს ამტკიცებს არც რელიგიური თემისა და არც პოლიტიკური მოძრაობის ავკარგიანობის შესახებ.
და თუ მაინცდამაინც „სექტანტურობის“ ნიშნებს ვეძებთ, პარლამენტის წინ აღმართული ჯვარიც გავიხსენოთ. როდესაც რელიგიურ სიმბოლოს პოლიტიკური დაპირისპირებისას იყენებენ, რატომ არ უჩნდება პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა, ვინ და რა მიზნით აკეთებს ამას? თუ ჯვრის აღმართვას თან ახლავს ძალადობა ან განსხვავებულად მოაზროვნეთა დაშინება, პრობლემა სწორედ ეს ქმედებებია და არა ჯვარი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხომ შეიძლება იმავე მონდომებით ვიკითხოთ, ხომ არ იქცა სიმბოლო პოლიტიკური კუთვნილების ნიშნად?
თუ რუსთაველზე დროშა და სიმღერა „სექტის“ ნიშანია, პარლამენტის წინ ჯვრის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება რატომ უნდა დარჩეს კრიტიკის მიღმა? თუ პარლამენტის თავმჯდომარე ერთ შემთხვევაში რიტუალის შინაარსს იკვლევს, მეორეში კი მხოლოდ სიმბოლოს ხედავს, ეს უკვე მისი არგუმენტის თანმიმდევრულობის საკითხია.
პაპუაშვილი იმასაც გვიხსნის, რომ პროტესტის მონაწილეებს საკუთარი კალენდარი შეუქმნიათ. დიახ, დღეებს ითვლიან. ახსოვთ, როდის დაიწყეს პროტესტი, როდის დააკავეს ადამიანები, როდის დაშავდნენ დემონსტრანტები. უცნაური ამბავია, არა? ადამიანები საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს იმახსოვრებენ და მათ თარიღებს აღნიშნავენ.
უფრო საინტერესო კი ის არის, რომ პაპუაშვილი პროტესტის ხანგრძლივობას მისივე უაზრობის მტკიცებულებად წარმოგვიდგენს. თითქოს მოქალაქეს მხოლოდ იმდენ ხანს აქვს პროტესტის უფლება, რამდენ ხანსაც ხელისუფლება ჩათვლის მის შეკრებას შედეგიანად.
რა ტაქტიკას აირჩევს პოლიტიკური მოძრაობა, პირველ რიგში, თავად მისი მონაწილეების გადასაწყვეტია. მათ შეუძლიათ შეცვალონ ფორმა, შეაჩერონ შეკრებები ან გააგრძელონ პროტესტი. სხვებს შეუძლიათ ამ არჩევანის კრიტიკა, მაგრამ ხელისუფლებისთვის არასასურველი ტაქტიკა თავისთავად არც „სექტანტურობაა“ და არც შეკრების უფლების დაკარგვის საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლებას ანიჭებს. ამ უფლებას ვადა არ გასდის მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მორიგი შეკრება აღარ მოსწონს.
პაპუაშვილი წერილში პროტესტის მონაწილეთა დაკავებასაც „მოწამეების“ შექმნის ლოგიკით ხსნის. მისი ვარაუდით, მოძრაობას პატიმრები საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად სჭირდება.
აი, აქ უკვე მეტაფორა განსაკუთრებით მძიმე ბრალდებად იქცევა. როდესაც ადამიანები დაკავებულთა საქმეებზე საუბრობენ, მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ ან მათ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ვინმეს მათი პატიმრობა სურს. კონკრეტული ადამიანის საქმის განხილვა შეიძლება მისი ბრალეულობის საკითხზე დავასაც მოიცავდეს, სასჯელის პროპორციულობის შეფასებასაც და სასამართლოს სამართლიანობის მოთხოვნასაც. ამ ყველაფრის „მოწამეების კულტად“ გამოცხადება კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ ჩაანაცვლებს.
და კიდევ ერთი: პაპუაშვილი პროტესტის გაგრძელებას მისი პოლიტიკური მიზნის მიუღწევლობით ხსნის, მაგრამ ხელისუფლების მოქმედებების შედეგზეც ხომ შეიძლება იმავე კრიტერიუმით ვიმსჯელოთ? თუ ხელისუფლების მიზანი იყო, რომ მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრება შეეწყვიტათ, პროტესტის გაგრძელება აჩვენებს, რომ ეს მიზანი მიღწეული არ არის. აქედან პროტესტის ყველა მოთხოვნის სისწორე არ გამომდინარეობს, ისევე როგორც ხელისუფლების ყველა მოქმედების უკანონობა; უბრალოდ, ერთი მხარის შედეგიანობაზე საუბრისას მეორე მხარის შედეგიანობაც განხილვის საგანია.
პროტესტის დაშლის, დაკავებებისა და დემონსტრანტების უფლებების საკითხებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო და უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება. ამ გარემოებების განხილვის ნაცვლად შეკრებების „ლიტურგიად“ მონათვლა უფრო მოხერხებულია, ვიდრე რეალობის დადასტურება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პაპუაშვილის მტკიცება, რომ პროტესტის მონაწილეებისთვის კონსტიტუციის 78-ე მუხლი „მრწამსია“. ბატონო შალვა, ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში წერია. იგი სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
თუ მოქალაქე ხელისუფლებას კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას სთხოვს, ეს სამართლებრივი და პოლიტიკური მოთხოვნაა. მას „დოგმას“ რომ უწოდებთ, თავად მუხლის შინაარსი არ იცვლება. უფრო საინტერესო იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარეს აეხსნა, როგორ გადაუარა ამ მუხლსა და კონსტიტუციას ხელისუფლებამ. მისი არგუმენტები, რომ ევროკავშირი ცუდია, სისულელეა, ვიდრე კონსტიტუციაში ეს მუხლი წერია. არგუმენტი რამდენიც გინდა გქონდეს, კანონი უნდა აღასრულო - ეს უნდა იცოდეს პარლამენტის თავმჯდომარემ.
და ბოლოს, სანამ პროტესტის მონაწილეთა რელიგიური მეტაფორებით დახასიათებას გავაგრძელებთ, ერთი ეპიზოდიც გავიხსენოთ: 2023 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს „სატანისტები“ უწოდა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს შეფასება ყველა ახალგაზრდას არ ეხებოდა.
ახლა პაპუაშვილი უკვე „ფსევდორელიგიურ სექტაზე“ წერს. ეტყობა, პოლიტიკური ოპონენტების რელიგიური ტერმინებით დახასიათება იმდენად მიმზიდველი ხერხია, რომ მისგან თავის დაღწევა უჭირთ.
მაგრამ საზოგადოებას სხვა კითხვებიც აქვს - მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობაზე, კორუფციის საქმეებზე, პროტესტის დროს ძალის გამოყენებაზე და კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებაზე. თითოეულ მათგანს კონკრეტული პასუხი სჭირდება. პროტესტის მონაწილეთა „სექტად“ გამოცხადება ამ პასუხებს ვერ ჩაანაცვლებს.
და ბოლოს, სექტანტობა ის ხომ არ არის, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას საკუთარ მომხრეებად და მტრებად ყოფს? როდესაც განსხვავებული აზრი პოლიტიკური დისკუსიის საგანი კი არა, ადამიანის მტრულ ბანაკში ჩარიცხვის საფუძველი ხდება? როდესაც მოქალაქეს, რომელიც ხელისუფლებას არ ეთანხმება, ჯერ „სატანისტს“ უწოდებენ, შემდეგ „სექტანტს“, და ამ იარლიყებით ცდილობენ მისი მოთხოვნების განხილვის თავიდან აცილებას? თუ პაპუაშვილს მართლაც აწუხებს საზოგადოების დაყოფა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ამ კითხვებით საკუთარი პოლიტიკური გარემოცვის რიტორიკის განხილვაც შეეძლო.
პაპუაშვილს შეუძლია არ ეთანხმებოდეს პროტესტის მიზნებს, არ მოსწონდეს მისი ფორმა და აკრიტიკებდეს მის მონაწილეებს. მაგრამ თუ თავად ირჩევს რელიგიურ ენას, მაშინ მისივე წერილის მთავარი კითხვა ასეთია: რატომ მიაჩნია საკუთარი მხარის სიმბოლოები და რიტუალები ბუნებრივად, ხოლო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების სიმბოლოები და შეკრებები - „სექტანტურობის“ მტკიცებულებად?
პასუხი ამ კითხვაზე გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ვიდრე პროტესტის 667-ე დღისთვის ახალი რელიგიური მეტაფორის გამოგონება.
ავტორი: გოჩა მირცხულავა