ავტორი - რომან გოცირიძე
ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო – მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტა. სრულფასოვან სპორტულ ფორმაში დასაბრუნებლად მას, შესაძლოა, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდეს.
ძნელია, უემოციოდ წაიკითხო მისი წერილი. ბევრს უკვირდა, რატომ ვლოცულობდი თამაშის წინო. ლოცვას თამაშზე გავლენის მოხდენა რომ შეეძლოს, ყველა თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. უფალს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვდი – ჯანმრთელობასო. რატომ დამემართა ეს მე, ხომ არაფერი დამიკლიაო.
ამ სიტყვებში ხვიჩა გულისხმობდა როგორც ფიზიკურ მომზადებასა და შრომას, ისე ღვთის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას. როცა ყველაფერს აკეთებ, რაც შენზეა დამოკიდებული და მაინც ასეთი დარტყმის წინაშე აღმოჩნდები, ბუნებრივია, საკუთარ თავს გულდაწყვეტილი კითხვებით მიმართავ.
ხვიჩა კარიერის იმ ეტაპზე შედიოდა, როცა გამოცდილება, ფიზიკური შესაძლებლობები და საფეხბურთო ოსტატობა ერთმანეთს განსაკუთრებით კარგად ერწყმის. სწორედ ამიტომ არის ეს ტრავმა ასეთი მტკივნეული – ის არა მხოლოდ უკვე მიღწეულს, არამედ იმ დიდ პერსპექტივასაც ეხება, რომელიც მის წინაშე იშლებოდა.
ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია. ის ბედნიერებას ანიჭებდა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. ქართველებისთვის კი მისი წარმატება დამატებით მნიშვნელობას ატარებდა: ხვიჩა მსოფლიოს საქართველოს აცნობდა და ჩვენი ქვეყნის მიმართ დადებით ემოციებს აღძრავდა. მისი თითოეული წარმატება მხოლოდ პირადი გამარჯვება არ ყოფილა – ეს იყო სიხარულისა და სიამაყის წყარო მთელი ქვეყნისთვის.
იმდენად დამამწუხრა ამ ამბავმა, რომ კინაღამ კარგი ქირურგის დონეზე შევისწავლე ეს ტრავმა. როგორც ეკონომისტმა, ყველაფერი ტრადიციულად პროცენტებსა და ალბათობებში გადავთარგმნე: დაბრუნების ვადები, განმეორებითი ტრავმის რისკები, სრულფასოვანი დაბრუნების ალბათობა და კონკრეტული მაგალითები ფეხბურთის ისტორიიდან.
ბევრი რამ გავიგე – კარგიც და ცუდიც. თუმცა ერთი რამ განსაკუთრებით ცხადი გახდა: დიდ ფეხბურთში დაბრუნება მხოლოდ ფიზიკური რეაბილიტაცია არ არის. ეს უზარმაზარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შრომაა. მოთამაშემ თავიდან უნდა დაიბრუნოს სხეულის შესაძლებლობები, მოძრაობის თავდაჯერებულობა, თამაშის რიტმი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის რწმენა.
წარმოვიდგინე ყველა ის დიდი ფეხბურთელი, ვისაც მსგავსი სიმძიმის ტრავმა გადაუტანია – რობერტო ბაჯოდან ბრაზილიელ რონალდომდე. მათი ისტორიები გვახსენებს, რომ ასეთი ტრავმა ავტომატურად კარიერის დასასრულს არ ნიშნავს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბრუნების გზა ყველასთვის განსხვავებულია და გარანტიებს არავის აძლევს.
ერთ რამეში კი ეჭვი არ მეპარება: ხვიჩა კვარაცხელიას აქვს ის თვისებები, რომლებიც ამ რთული გზის გასავლელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ხასიათი, დისციპლინა, ნებისყოფა, ფეხბურთისადმი ფანატიკური სიყვარული და რწმენა. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ის ამ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება.
მჯერა, რომ ხვიჩა დაბრუნდება. რომ კვლავ ვიხილავთ მის იმ თამაშს, რომლის გამოც მილიონობით ადამიანს ფეხბურთი კიდევ უფრო შეუყვარდა. და მჯერა, რომ ის კვლავ შეძლებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას – მათ შორის, ოქროს ბურთისთვის.
ხვიჩას ახლა სიმშვიდე და მხარდაჭერა სჭირდება. დანარჩენს კი თავისი შრომით თავად გვაჩვენებს.
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!