უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გაფართოვდა და ახლა მრავალმილიარდიანი ნავთობის გარიგების საკითხსაც მოიცავს, ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ნავთობსაბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა აქტივებზე.
The New York Times-ის ცნობით, შესაძლო გარიგებიდან სარგებლის მიღება შეუძლიათ ბიზნესმენებს, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან საქმიანი კავშირები აქვთ.
გარიგებაზე მომუშავე წამყვან ჯგუფში შედის ამერიკელი ინვესტორი ტოდ ბოელი, რომელმაც დონალდ ტრამპის პოლიტიკურ კამპანიას 2 მილიონი დოლარი შესწირა. პროცესში ასევე მონაწილეობს ახლო აღმოსავლეთიდან ორი ჯგუფი, რომლებსაც კუშნერისა და უიტკოფის ოჯახებთან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებთ.
ამასთან, გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ შესაძლო გარიგებიდან თავად ჯარედ კუშნერი ან სტივ უიტკოფი პირად ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.
The New York Times-ის წყაროების ინფორმაციით, „ლუკოილის“ აქტივებთან დაკავშირებული გარიგების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სექტემბრის დასაწყისში წამოჭრა, როდესაც კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა.