„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ახლობლები და თანაპარტიელები დახვდნენ.
გათავისუფლების შემდეგ ხასაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და, მიუხედავად პირობითი მსჯავრისა, საკუთარი პოზიციის შეცვლას არ გეგმავს.
„30 სექტემბერს დამაკავეს. 30 სექტემბრამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაგრძელებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, არაფრის კორექტირებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ ისევ შემაბრუნონ, ჩემს თავში იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის ის, რასაც ვაკეთებ, ამის გამო არ ვაპირებ, ან ქვეყნიდან წავიდე, ან სახლში დავიმალო, ან სხვა საქმე მოვძებნო.
ეს არის ის ორგანული რამ, რაც მგონია, რომ სწორია და ყველამ უნდა ვაკეთოთ. ამიტომ იმავეს გავაკეთებ“, - განაცხადა ხასაიამ.
შეგახსენებთ, პროკურატურა გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილს 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაზ ჩადუნელისთვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჯგუფურად მიყენებას ედავებოდა.
სამართალდამცველებმა ისინი 29 სექტემბერს დააკავეს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებით ორივე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ისინი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.
შეთანხმების თანახმად, ხასაიასა და ქერდიყოშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. პატიმრობის ერთწლიანი ვადა 29 სექტემბერს ამოიწურა.
ფოტო: IPN