აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული დათმობების სანაცვლოდ თეირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული აქტივების განბლოკვა შესთავაზა.
ტრამპი გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.
„Axios-მა ახლახან გამოაქვეყნა სტატია, თითქოს ტრამპმა ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული თანხების განბლოკვა შესთავაზა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე მათ არაფერი შემითავაზებია!
Axios-ის სტატია, ისევე როგორც სხვა უმეტესობა, სიცრუეა. მათ ეს ყალბი სტატია დაუყოვნებლივ უნდა წაშალონ!“ -
მანამდე Axios-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი მზად იყო, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების სანაცვლოდ თეირანისთვის სანქციები შეემსუბუქებინა და გაყინული აქტივები განებლოკა.
გამოცემის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შუამავლების მონაწილეობით მიმდინარეობს, თუმცა მხარეებს შორის უთანხმოება კვლავ არსებობს, მათ შორის ბირთვულ საკითხებსა და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით.