Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე პრინციპულად მივყვეთ მოსამართლეების სანქცირების საკითხს

09.04.2023 ნახვები: 543

ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე პრინციპულად მივყვეთ მოსამართლეების სანქცირების საკითხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ვერ მოვეშვებით ამას. საქმე ეხება სასამართლოს, ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს რეპუტაციას,  საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს სუვერენიტეტს და აქედან გამომდინარე, ამას ვერ შევეშვებით. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რას ეფუძნებოდა გადაწყვეტილება. შეცდომა თუ დაუშვეს, შეცდომასაც ხომ აღიარება სჭირდება? ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, უშვებს თუ არა ხელისუფლება იმ ვარიანტს, რომ შესაძლოა, ეს იყოს არასწორი ინფორმირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, ცხადია, ამაში ბლინკენი არ არის დამნაშავე და კითხვები ალბათ ელჩსა და საელჩოს უნდა დაესვას.

„ახლა, ბლინკენი რომ არ არის დამნაშავე, ეს ხომ ცხადია? ბლინკენი, რა თქმა უნდა, ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ბევრად მეტი საქმე აქვს. ბლინკენი არ არის ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. ალბათ უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ისაუბრა.

 

„თქვენ გახსოვთ, რომ არანაკლებ მძიმე შემთხვევით დაიწყო ეს ყველაფერი. ეს იყო მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე. მანამდე გაჟონა ინფორმაციამ, რაც დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძემ, რომ ის დაიბარეს და მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და მოხსნეს ვიზიტიდან. მაშინ ხელი დავაფარეთ ჩვენ ამ კონკრეტულ თანამშრომელს, უცხოელ თანამშრომელს, თუ ვინც იყო. ვთქვით, რომ ამას არ იკადრებდნენ და ა.შ., თუმცა ახლა რასაც ვუყურებთ, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უაპელაციოდ ხდება მოსამართლეების სანქცირება, უკვე სხვა აზრი გვიყალიბდება. როდესაც მოსამართლეს იბარებ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს სთხოვ, ეს მოცემულობა ნიშნავს ძალიან მძიმე რამეს. საქართველოს კონსტიტუცია ამას უკრძალავს ნებისმიერს. მე რომ დავიბარო მოსამართლე და ვუთხრა, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა და როგორ შეიძლება, ამას უცხოელი აკეთებდეს? ეს ხომ ნიშნავს ელემენტარულ უპატივცემულობას შენი ქვეყნის კონსტიტუციის, სუვერენიტეტის, სახელმწიფო ინსტიტუტების, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ?! ეს რაღაც პატარა გადაცდომა კი არა არის, არამედ არის უმძიმესი ქმედება“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, როგორც ჩანს, ვიღაცებს აქვთ სურვილი თუ დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ სასამართლოზე კონტროლი რაღაც დონეზე მაინც აღადგინონ.

„ამას ვერ ასრულებენ და, მე მგონი, ემოციურ ფონზე, უბრალოდ, დაუშვეს შეცდომა. მე ამას მივაწერდი მთლიანობაში იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით. ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, მაგრამ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ ხაზთან. მე არ ვიცი, ისინი რა ინტერესებით მოქმედებენ. შეიძლება, ვიცოდე, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი. ისინი მოქმედებენ გარკვეული ინტერესებით და ეს ინტერესი მდგომარეობს ამაში, რომ სასამართლოზე რაღაც დოზით აღადგინონ „ნაცმოძრაობის“ კონტროლი“, – განაცხადა კობახიძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, არის თუ არა ეს ერთგვარი გაფრთხილება აშშ-დან და ელოდება თუ არა ხელისუფლება უახლოეს პერიოდში სანქცირებულთა სიის ზრდას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქ უფრო არასწორი გათვლაა და შეცდომა დაუშვა მან, ვინც ეს წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში მიიტანა.

„მე უფრო მგონია, რომ აქ არის არასწორი გათვლა. გათვლა არის ის, რომ სხვა მოსამართლეებიც შეიძლება, შეშინდნენ ამის გამო და შეიძლება, მათი გათვლით, ამას მოჰყვეს რაღაც რყევები სასამართლო სისტემაში, რაც, საბოლოო ჯამში, შეარყევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მცდარი გათვლა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, ეს იყო ცალსახა შეცდომა. შეცდომა დაუშვა იმან, ვინც მიიტანა ეს წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეიძლება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი? ამას ხომ ჩაძიება, მოკვლევა, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მოითხოვა, რა მტკიცებულებებს ან წყაროებს ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის სახელით. 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დაზუსტება. იცით, რომ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, რა მტკიცებულებებს ან წყაროებს ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის სახელით. აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს, სინამდვილეში არ არსებობს არცერთი ფაქტი. იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, სხვა შეხვედრები, ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები – ნული მტკიცებულება. ეს ყველაფერი გაირკვა როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ისე საჯაროდაც. ნახეთ ალბათ სატელევიზიო ინტერვიუები ამერიკის ელჩთან, იქაც დაისვა კითხვები და არავითარი მტკიცებულება, გაუგებარია, როგორ შეიძლება ღია წყაროზე დაყრდნობით – ღია წყაროა ან გაზეთი უნდა წაიკითხო, ან ტელევიზორს უყურო, ყველა ვუყურებთ ტელევიზორს და ყველა ვკითხულობთ გაზეთს – როგორ შეიძლება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი? ამას ხომ ჩაძიება, მოკვლევა, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა. რეალურად, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს ყველაფერი გაირკვა და სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, საბოლოო ჯამში, ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ, ანუ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა – სანქცია. სინამდვილეში, ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ეს შეტევა წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან.

„მე უფლება არ მაქვს ვისაუბრო დეტალებზე, მაგრამ რეალურად რაც გაირკვა, მათ შორის სატელევიზიო ინტერვიუდან და ანალოგიური იყო ორმხრივ შეხვედრებზე, ვერავითარ წყაროებზე მითითება ვერ ხდება. რაც შეგვიძლია, უბრალოდ, ვივარაუდოთ, ეს არის „ენჯეოების“ და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაჟღერებული ათასი დეზინფორმაცია. თქვენ იცით, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ეს შეტევა არსებითად წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან. ეს ერთი სუბიექტია, რა თქმა უნდა, ეს არის „ნაცმოძრაობა“ ფართო გაგებით, რადიკალური ოპოზიცია, ეს არის მათ საკუთრებაში არსებული ტელევიზიები და „ენჯეოები“. სინამდვილეში, რეალურად ეს არის ერთი სუბიექტი და მათი მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ღია წყარო შეიძლება იყოს „მთავარი არხი“, მაგალითად, „ტვ პირველი“, „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებული ტელევიზიები, ღია წყარო შეიძლება იყოს, მათ შორის, „ენჯეოს“ დასკვნა, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს „ენჯეოები“ არიან სინამდვილეში უცხოელი აგენტები, არავითარი ფასი არ აქვს მათ დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა