უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ

ნახვები: 356 არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ

 

14 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ, სრულყოფილად და ეფექტიანად გამოიძიოს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 21 დეკემბერს ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა და უწყების განმარტება დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას ვერ ჩაანაცვლებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება, ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად. პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ რამდენიმე საკითხზე, რომელსაც, მათი შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პასუხს არ სცემს. მათ შორისაა, რა საფუძვლით გახდა საჭირო დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა, იყო თუ არა ეს აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება, რატომ შევიდა საკანში დაახლოებით ათი თანამშრომელი, ვინ იყვნენ ისინი და რა მოქმედებები განახორციელეს. ასევე, ორგანიზაციები სვამენ კითხვას, წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ვიდეო შესაბამისი ეპიზოდების სრულ და უწყვეტ ჩანაწერს და არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადების ავტორები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ წამების ან სხვა მძიმე არასათანადო მოპყრობის შესახებ სერიოზული და დასაბუთებადი ბრალდების არსებობისას სახელმწიფოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება ეკისრება.

ორგანიზაციების განცხადებით, დავითაძისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებებში კონკრეტული თანამშრომლები და თანამდებობის პირებიც არიან ნახსენები, რომლებმაც, მათი მტკიცებით, შესაძლოა ძალადობასთან დაკავშირებული ბრძანებები გასცეს ან შეასრულეს.

„თუ გიორგი დავითაძის მიმართ აღწერილი ქმედებები დადასტურდა, საქმე განხილულ უნდა იქნას არა მხოლოდ სექსუალური ხასიათის მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციის ქვეშ, არამედ ეს იმთავითვე უტოლდება წამების აკრძალვის საწინააღმდეგო მოპყრობას სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, პატიმრის მიმართ, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტებით აბსოლუტურად აკრძალული ქმედებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციები მიუღებლად მიიჩნევენ, გამოძიების დასრულებამდე რომელიმე სახელმწიფო ორგანომ თავად დაასკვნას, რომ ბრალდებები „სრული სიცრუეა“.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ სრულყოფილ, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას; 2025 წლის 21 დეკემბრის ყველა ვიდეოჩანაწერისა და ტექნიკური მონაცემების დაცვასა და დაცვის მხარისთვის ხელმისაწვდომობას; დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებში მონაწილე ყველა თანამშრომლის იდენტიფიცირებასა და დამოუკიდებლად გამოკითხვას; დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ სრულ სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმებას; დავითაძის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაძლო მოწმეების დაცვას ზეწოლისა და შურისძიებისგან. ისინი ასევე მოითხოვენ, გამოირიცხოს სავარაუდო ძალადობაში შესაძლო მონაწილე პირების მიერ მტკიცებულებებსა და გამოძიებაზე ზემოქმედება და დადგინდეს როგორც უშუალო შემსრულებლების, ისე შესაძლო ბრძანების გამცემ ან ძალადობის პრევენციის ვალდებულების მქონე თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

„პატიმრის მიმართ წამება, სექსუალური ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა, მისი დადასტურების შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული დისციპლინური დარღვევით, თანამშრომლების შეურაცხყოფით, დაუმორჩილებლობით ან სხვა გარემოებით.

თუ გამოძიებით დადასტურდება გიორგი დავითაძის მიმართ მძიმე ძალადობის ფაქტი ან პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობისა და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის ჩათვლით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „დემოკრატიის მცველები“, საქართველოს მომავლის აკადემია, „პრევენცია პროგრესისთვის“, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), „საქართველოს ევროპული ორბიტა“, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), „საფარი“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა