გათავისუფლების შემდეგ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის ძალისხმევამ, საზოგადოების მხარდაჭერამ და საერთაშორისო ზეწოლამ განაპირობა.
„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ“, – განაცხადა ჩუბინიძემ „ნეტგაზეთთან“.
მისივე თქმით, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებდა და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გეგმავდა.
„მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა მოიტანა ეს შედეგი“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გამოცემა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
პროკურატურის მტკიცებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.
ჟურნალისტს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.