ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია

ნახვები: 241 ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლეებს მიმართა და განაცხადა, რომ მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

წითლიძემ ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის სამსახურებრივ კავშირებზე. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ადეიშვილის საქმიანობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საფუძვლად იყენებს, მაშინ როდესაც მისი ყოფილი მოადგილე დღეს თავად ახორციელებს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას.

„წარმოდგენილ სარჩელში 25-ჯერ დავითვალე, მერე დამეზარა, ნახსენებია ზურაბ ადეიშვილი. მოსარჩელე ცდილობს, რომ მისი ინდივიდუალური ფიგურა და საქმიანობა გამოიყენოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საფუძვლად“, – განაცხადა წითლიძემ.

მისი შეფასებით, კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობის საფუძველზე მთელი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა სამართლებრივ წინააღმდეგობას ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ პირს პარტიაში თანამდებობა არ ეკავა.

„თუ მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა და არასდროს ეკავა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ტიპის თანამდებობა, იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გადავხედოთ მის ინსტიტუციურ და საკადრო მემკვიდრეობას“, – აღნიშნა მან.

წითლიძის განცხადებით, ვასილ როინიშვილი ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის პერიოდში მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მისი ერთ-ერთი მთავარი საკადრო დასაყრდენი იყო.

„სწორედ ამავე სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში ზურაბ ადეიშვილის უშუალო საკადრო დასაყრდენი იყო, მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა“, – განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა სამართლებრივი ლოგიკით შეიძლება ადეიშვილის საქმიანობის გამო პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს ადამიანს, რომელსაც მასთან უშუალო სამსახურებრივი კავშირი არ ჰქონია, მაშინ როდესაც მისი ყოფილი მოადგილე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

„მე პირადად ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ზურაბ ადეიშვილი ნანახი. როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ, ხოლო იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?!“ – განაცხადა წითლიძემ.

სასამართლოში გამოსვლისას მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაზეც ისაუბრა და უარყო მოსარჩელე მხარის არგუმენტები, რომლებიც პარტიის საქმიანობას სისტემურ დანაშაულებს უკავშირებს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულები. „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა“, – განაცხადა წითლიძემ.

გამოსვლის დასასრულს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მოსამართლეებს მიმართა და ისტორიული პარალელებით მათ პირად პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი – ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა