როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული სარჩელი წარმოებაში საერთოდ არ უნდა მიეღო, რადგან მისი საფუძველი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაა, რომელიც, მისივე შეფასებით, არაერთ დაუსაბუთებელ ბრალდებას შეიცავს.
„მათ არ აინტერესებთ საერთოდ მტკიცებულებები. მტკიცებულებები რომ აინტერესებდეთ, იმდენი აბსურდია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ფაქტობრივ მტკიცებულებად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, საერთოდ დასაშვებად არ უნდა ეცნო ეს საქმე“, – განაცხადა წითლიძემ.
მისი თქმით, სასამართლო განხილვისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კონკრეტულ ეპიზოდებზე, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილ გარემოებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
„ჩვენი მიზანი დღეს იქნება, რომ კონკრეტულ საქმეებზე ვილაპარაკოთ, კონკრეტულ ე.წ. ფაქტებზე, რაც საგამოძიებო კომისიაში არის ბრალდებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან.
წითლიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა მასალებს ეყრდნობა პარტიების აკრძალვის მოთხოვნა და რამდენად დასაბუთებულია სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდებები.
„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა ნახონ, თან დარწმუნებული ვარ, არც ექნებათ მოწმეთა ჩვენების დიდი ნაწილი წაკითხული, რა აბსურდი მიიღეს ფაქტობრივ მტკიცებულებად ამ საქმეზე“, – განაცხადა წითლიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ პირების ვინაობისა და მოტივების განხილვაც, რომლებმაც საგამოძიებო კომისიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.