მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება იმ საპარლამენტო მანდატით მუშაობის გაგრძელება, რომელიც პარტიამ ამომრჩევლისგან მიიღო.
„იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ეს შედეგი, პარტიების აკრძალვის შემდეგ, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომლებიც უშუალოდ ამომრჩეველმა ჩვენს პარტიას, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიანიჭა“, – განაცხადა ფარულავამ.
დეპუტატის განმარტებით, პარტიის გაუქმება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობასაც გამორიცხავს.
„როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, ბუნებრივია, უკვე აღარ იქნება ის შესაძლებლობა და მანდატი, ამ შემთხვევაში პარტიული, რომ გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა“, – აღნიშნა მან.
ფარულავას განცხადებით, პარტია შემდგომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.
„რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, რა როგორ იქნება, ამას საზოგადოება უშუალოდ ჩვენგან ძალიან მალე გაიგებს, როდესაც პროცესები დასრულდება იმ ლოგიკური შედეგით, რასაც ველოდებით“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. მათ შორისაა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.