საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები, სანიტარული მდგომარეობა და კვების ხარისხი.
როგორც სააკაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, დაწესებულებებში პრობლემებია ინფრასტრუქტურის მოვლისა და პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებითაც.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკვების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა, ამასთან, შეიზღუდა გარედან საკვების შეტანის შესაძლებლობა. კერძოდ, თუ ადრე ამანათების მიღება ყოველდღიურად შეიძლებოდა, ახლა ეს მხოლოდ თვეში ორჯერ არის შესაძლებელი. ასევე აიკრძალა USB-მეხსიერების საშუალებით ვიდეოფილმების შეტანა.
სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზეც. მისი მტკიცებით, დაახლოებით ერთი თვის წინ შენობის ძველ და მოგვიანებით მიშენებულ ნაწილებს შორის დიდი ბზარი გაჩნდა.
„განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ. ნუ შეაყოფინებთ ამათ თითებს კიდევ უფრო ღრმად, ამოიღეთ ხმა! ამაზე უარესი მაინც არ იქნება. მე პირადად ძალიან ხმამაღლა ვაპროტესტებ ყველაფერს“, – წერს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივითაც გამოდის. მისი წინადადებით, ციხეებში რეგულარულად უნდა დაიშვას კომისია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები შევლენ.
მისი განმარტებით, კომისიას უნდა ჰქონდეს პატიმრებთან გასაუბრების, შეზღუდვების საფუძვლების შესწავლის, კვებისა და სანიტარული პირობების შემოწმების, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებისა და შესაძლო კორუფციული შემთხვევების შესწავლის შესაძლებლობა.
ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პატიმართა საერთო რაოდენობა სულ მცირე ორჯერ უნდა შემცირდეს, თუმცა ეს არ უნდა შეეხოს საზოგადოებისთვის საშიშ დამნაშავეებს.
„ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
მისივე მტკიცებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ გაძლიერდა კრიმინალური სუბკულტურის გავლენა და ციხეებიდან დანაშაულებრივი საქმიანობის მართვის პრაქტიკა.
სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია, თუმცა სასჯელის აღსრულება ცივილიზებულ და ჰუმანურ პირობებში უნდა ხდებოდეს.