პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობას პატიმრების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. მისი თქმით, პროტესტის დროს რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, ადმინისტრაციამ კი პატიმრების სხვა ადგილას გადაყვანა დაიწყო.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.
პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება“, – წერს ელისაშვილი.
მისივე განცხადებით, პროტესტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ პატიმრების გაყვანა დაიწყო, თუმცა მისთვის უცნობია, სად გადაიყვანეს ისინი და როგორ ეპყრობოდნენ გადაყვანის პროცესში.
„ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.
აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს“, – აცხადებს ელისაშვილი.
მისი თქმით, №6 დაწესებულებაში ვითარება კვლავ დაძაბულია და აუცილებელია დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ინფორმაცია, სად გადაიყვანეს პატიმრები, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება.
ელისაშვილი გიორგი დავითაძის განცხადებაზე სრულყოფილ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს. მისი შეფასებით, თანამდებობები უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, №6 დაწესებულების დირექტორმა და ყველა იმ თანამშრომელმა, რომელიც სავარაუდო ინციდენტში მონაწილეობდა.
„ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე. თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“, – წერს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე დეესკალაციის ოთახში სექსუალურად იძალადეს. მისი მტკიცებით, ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მომხდარი ვიდეოკამერებით არის დაფიქსირებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დავითაძის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
მოგვიანებით უწყებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითაძემ თანამშრომლისა და სამეთვალყურეო კამერის თვალწინ გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის მას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა.