რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, დავითაძის მიერ გადაყლაპული საგანი ამ დრომდე მის ორგანიზმშია და მსჯავრდებული პროტესტის ნიშნად მის სამედიცინო გზით ამოღებაზე უარს ამბობს.
ადვოკატის თქმით, დავითაძე №6 დაწესებულების მოქმედი ადმინისტრაციისა და დირექტორის თანამდებობაზე დარჩენას აპროტესტებს და ასევე მოითხოვს რეაგირებას იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც მის წინააღმდეგ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
„ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით ორგანიზმში აქვს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის მინიმუმ თანამდებობაზე ყოფნას, ხოლო მაქსიმუმ იმას, რომ ის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებმაც მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა განახორციელეს, დღესაც თანამდებობაზე რჩებიან და დაუსჯელები არიან“, – განაცხადა ჯანუაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავითაძე თავს მხნედ გრძნობს და სხვა პატიმრების მხარდაჭერასაც გრძნობს. ამასთან, მისი თქმით, დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი.
„პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან და რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე დეესკალაციის ოთახში სექსუალურად იძალადეს. მისი მტკიცებით, ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დავითაძის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.