ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და მოითხოვს, დაუყოვნებლივ იქნეს გამოტანილი საკონსტიტუციო სასამართლოდან შესაბამისი სარჩელი.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა უარესდება. ევროპარლამენტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებები სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „საქართველოსთვის“ აკრძალვას ითვალისწინებს.
ევროპარლამენტის შეფასებით, აღნიშნული პროცესი პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვისა და საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებისკენ მიმართული სტრატეგიის ნაწილია. რეზოლუციაში ეს ტენდენცია რუსეთისა და ბელარუსის მმართველობის მოდელებთან არის შედარებული.
ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ყველა იმ პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. დოკუმენტში სახელდებით არიან მოხსენიებული ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და ნიკა მელია.
ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, გააუქმოს „საბოტაჟის“ ბრალდებები და კანონმდებლობის ის დებულებები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ არაპროპორციული შეზღუდვების გამოყენების შესაძლებლობას ქმნის.
რეზოლუცია ასევე გმობს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად და მოითხოვს ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლის შეწყვეტას.
დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მოწოდება პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების ნაკლებობის გამო და მოუწოდებს მათ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური დევნის საპასუხოდ კონკრეტული ზომები მიიღონ.
რეზოლუციაში კვლავ დადასტურებულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო დააშორებს და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით წინსვლას გამორიცხავს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტს დაევალა, მიღებული რეზოლუცია გადასცეს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს ხელისუფლებას.