ათენის ცენტრში, ტურისტულ რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ათენის სახანძრო სამსახურის ცნობით, მაშველებმა დღეს დილით ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო ჯგუფები ასაკოვან წყვილსა და კიდევ სამ ტურისტს ეძებენ. პოლიციის ინფორმაციით, ტურისტებს, რომელთა ეროვნებაც ჯერჯერობით უცნობია, საცხოვრებელი სახლი პარასკევს უნდა დაეტოვებინათ და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ისინი აეროპორტში არ გამოცხადებულან.
ათენის მერის, ჰარის დუკასის განცხადებით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას უკავშირდება.