პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტას პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო ინსტრუმენტად აფასებს. მისი განცხადებით, სტავროპოლში გაზსადენის „გეგმური რემონტის“ გამო სომხეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდების 10 დღით შეჩერება უფრო ჰიბრიდული ომისა და სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოცდას ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ ტექნიკურ პროცესს.
გოცირიძე იხსენებს რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ადრინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სომხეთის მიერ ანტირუსული კურსის გაგრძელების შემთხვევაში, „შესაძლოა გაზსადენი ზამთარში უეცრად სარემონტო გახდეს“.
მისი შეფასებით, მოსკოვისთვის გაზსადენების რემონტი არაერთხელ ქცეულა პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად. ამ კონტექსტში გოცირიძე 2006 წლის 22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში „მოზდოკ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის ორივე შტოზე მომხდარ აფეთქებებს იხსენებს, რის შედეგადაც საქართველოსა და სომხეთს გაზის მიწოდება შეუწყდათ.
გოცირიძის განმარტებით, სომხეთის აბოვიანის მიწისქვეშა გაზსაცავში არსებული 100–135 მილიონი კუბური მეტრი გაზი ქვეყანას მაქსიმუმ ერთ თვემდე ეყოფა. შესაბამისად, 10-დღიანი შეჩერება მოსახლეობისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, თუმცა ის ვარაუდობს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სომხეთის სტრატეგიული მარაგების შემცირებაა.
მისივე თქმით, სომხეთის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ის გარემოებაც ზღუდავს, რომ ირანი-სომხეთის გაზსადენის სომხური მონაკვეთი რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნის.
„თავის დროზე მილის დიამეტრიც კი განზრახ შეამცირეს, 1400 მმ-დან 700 მმ-მდე, რათა ირანულ გაზს რუსული სრულად არ ჩაენაცვლებინა. შედეგად, ოფიციალურად ონკანის გახსნის უფლებაც კი მოსკოვის ხელშია“, - წერს გოცირიძე.
მისი ინფორმაციით, თბილ სეზონზე ირანულ გაზსადენს დღეში დაახლოებით 6,3 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია, თუმცა ზამთარში, ირანის შიდა დეფიციტის გამო, მიწოდება 1,5–2 მილიონ კუბურ მეტრამდე მცირდება.
გოცირიძე სომხეთის ენერგეტიკული ალტერნატივების განხილვისას სამხრეთკავკასიურ გაზსადენზეც მიუთითებს. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის წლიური გამტარუნარიანობა 24 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს, მაშინ როდესაც სომხეთის წლიური მოხმარება დაახლოებით 2,5 მილიარდი კუბური მეტრია.
„ევროპამ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთი მოცულობებიდან სულ ცოტ-ცოტა რომ მოიკლონ, ირანთან ერთად ეს სომხეთს სრულიად ეყოფა“, - აცხადებს გოცირიძე.
მისი შეფასებით, თუ რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას ხანგრძლივად შეუწყვეტს, ამით ერევანს ალტერნატიულ მარშრუტებზე გადასვლისკენ უბიძგებს და შესაძლოა, საბოლოოდ დაკარგოს როგორც სომხეთის გაზის ბაზარი, ისე „გაზპრომის“ ადგილობრივი აქტივები.
გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ ასეთ ვითარებაში სომხეთის ხელისუფლებამ ირანის გაზსადენისა და შიდა ქსელის სახელმწიფო კონტროლქვეშ გადაყვანის საკითხიც დააყენოს.
„დემოკრატიისა და ევროპის გზაზე დამდგარ სომხეთს რუსეთი კიდევ ერთხელ ახსენებს, ვინ ზის ენერგეტიკულ „ონკანთან““, - წერს ის.
გოცირიძის დასკვნით, ალტერნატიული ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებისა და ევროპაში რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, მოსკოვის მიერ ენერგორესურსების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება შესაძლოა თავად რუსეთის ბაზრების დაკარგვით დასრულდეს.