საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის, მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრაზე მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. გაიოზ ჩარკვიანს მიაწოდეს ინფორმაცია საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბჭო სისხლის სამართლის საქმის შესწავლას გააგრძელებს, პროცესში გაიოზ ჩარკვიანიც იქნება ჩართული, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას ეცნობება.
პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, მამის განცხადების საფუძველზე დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ განხორციელდა.
გამოძიების თანახმად, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 11 აგვისტოს COVID-19-ის დიაგნოზით ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. 12-დან 17 აგვისტომდე ის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა, 17 აგვისტოს კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერაპიული განყოფილების უფროსმა ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა ქეთევან ლობჟანიძემ სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და COVID-19-ის კლინიკური მართვის წესი დაარღვიეს, რამაც, უწყების თანახმად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
„კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.