რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს მოითხოვენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ოლეგ ბარციცს, და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინე კოჩიევს, შეხვდა.
„ხაზი გაესვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ ხასიათს. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის დარწმუნებით, ამ მთავარი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელია თბილისის მიერ ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების, ასევე, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის გარეშე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენიებული, ხოლო საქართველოსთან მათი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზები „სახელმწიფო საზღვრებად“ არის წარმოდგენილი.