პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი და გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის სასამართლოში დაკითხვას ეხმაურება. სიჭინავას შეფასებით, ხოჯევანიშვილს მიცემული ჩვენების გამო „მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს იმ ტვირთის ტარება“, რომელიც „არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება“.
სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად გახარიას რეკომენდაციით დაინიშნა, მოგვიანებით კი მისი პოლიტიკური გუნდის წევრი და მოადგილე იყო.
„ახლა გიორგი ხოჯევანიშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობაა. გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც ამ ჩვენების მიცემით აიღო, რადგან ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება. მე მას არ შევაფასებ, მას მთელი ცხოვრება მოუწევს ამ ტვირთის ტარება და არავის ვუსურვებ იმას, რაც დღეს გიორგი ხოჯევანიშვილმა გაიარა“, - განაცხადა სიჭინავამ.
გახარიას ადვოკატი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის დაკითხვასაც. სიჭინავას თქმით, ტაბატაძე იმ პერიოდში საოკუპაციო საკითხებს არ კურირებდა. მისი განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებას გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა ის საქმეზე არც გამოძიების ეტაპზე დაუკითხავთ და არც სასამართლოში.
სიჭინავა ასევე მიიჩნევს, რომ ტაბატაძის მოწმის სახით დაკითხვა ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება, რადგან ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო, რომელიც ამავე საქმეს განიხილავდა.
„ერთი მხრივ, ფაქტობრივად ბრალმდებელი იყო საგამოძიებო კომისიაში ამ საქმესთან დაკავშირებით და მერე, როგორც მოწმეს, თითქოს ჩვენება აქვს მიცემული“, - განაცხადა სიჭინავამ.
ადვოკატმა გააკრიტიკა სასამართლო სხდომის დახურვაც. მისი მტკიცებით, სხდომებზე საიდუმლო ინფორმაცია არ განიხილება და პროცესის დახურვის საფუძველი არ არსებობდა.
სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის ჩვენებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კახიშვილმა დაადასტურა, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი დოკუმენტაცია არ შესულა, თუმცა არ გამოურიცხავს, რომ საკითხზე ზეპირი ან სხვა ფორმით კომუნიკაცია ყოფილიყო.
ცნობისთვის, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რასაც, ბრალდების თანახმად, საოკუპაციო ძალების კონტროლის გაფართოება და ადგილზე ვითარების გამწვავება მოჰყვა.
გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი. წარდგენილი ბრალდება 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.