უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს რუსეთის ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის შესაბამის ობიექტებზე თავდასხმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეაჩერებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსული დარტყმების სამიზნე ყოველდღიურად ხდება უკრაინის ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური ობიექტები და საწყობები, სადაც საკვები და მედიკამენტები ინახება.
„თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ რუსეთი ნამდვილად თავს შეიკავებს ჩვენი ელექტროენერგიის სისტემის, სხვა ენერგეტიკული ობიექტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საკვების მომარაგების მარშრუტების დაბომბვისგან, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მხრიდანაც თავი შევიკავოთ დარტყმებისგან“, — წერს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევს არ აქვს ნდობა, რომ რუსეთი შესაძლო შეთანხმებას შეასრულებს. მისი თქმით, შეთანხმება უნდა იყოს „სანდო, გრძელვადიანი“ და რეალური გავლენა ჰქონდეს ადამიანების ცხოვრებაზე.
„ომი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეესკალაციური ნაბიჯი შესაძლოა პირველი ნაბიჯი იყოს მშვიდობისკენ. კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან ველით“, — აცხადებს ზელენსკი.
14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას და, მისივე თქმით, ანალოგიურ ნაბიჯზე რუსეთიც თანახმაა.