უნგრეთმა ქვეყნიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი გააძევა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის განცხადებით, ისინი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუფერებელ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. (The Guardian)
„უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატებისთვის მიუღებელია“, — განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება, თუმცა ბუდაპეშტი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გეგმავს.
„უნგრეთი გეგმავს გააგრძელოს აუცილებელი დიალოგი, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და წესების დაცვაზე იქნება დაფუძნებული“, — აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის პასუხი „მკაცრი და მტკივნეული“ იქნება. (The Guardian)
უნგრეთის ნაბიჯი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ბუდაპეშტი ბოლო წლებში ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთთან შედარებით უფრო რბილი პოლიტიკით გამოირჩეოდა. სექტემბრის დასაწყისში კი უნგრეთის ხელისუფლებამ უკვე გამოხატა შეშფოთება ევროპაში რუსეთის „ჰიბრიდული აქტივობების“ ზრდის გამო და გერმანიას სოლიდარობა გამოუცხადა. (The Guardian)