საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ რუსეთში შეიქმნა მოხალისეთა ინტერნაციონალური ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძოლებს.
ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ ქვედანაყოფი მისმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა შექმნეს, რომლებიც, მისი თქმით, „ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებასა“ და „ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას“ უჭერენ მხარს.
„ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანების, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრეები არიან, „გეორგიევსკი“ — ინტერნაციონალური ქვედანაყოფი შექმნეს“, — განაცხადა ფარცხალაძემ.
მისივე თქმით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, „უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
ფარცხალაძემ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ როგორც 1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს, მომავალშიც „მტრის განადგურების სიმბოლოს რუსი და ქართველი კვლავ აღმართავს“.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.
„დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ სამშობლოს დავეხმარო, ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, — განაცხადა ფარცხალაძემ.
მისი თქმით, „გეორგიევსკის“ მთავარი ამოცანაა „დაასრულოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“.
ინფორმაცია და ფარცხალაძის განცხადებები რუსულმა სახელმწიფო სააგენტო TASS-მა გაავრცელა, ხოლო ქვედანაყოფის ფოტო „ტელეგრამზე“ მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა.