"ტროიკა" მოქმედებს. ივანიშვილი ჩრდილშია, კობახიძე და მდინარაძე - სცენაზე"
"ბიძინა რუსული მეთოდებით მოქმედებს. მას ვისი "გაპარსვაც" შეუძლია, ყველას გაპარსავს"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პროცესებს? ბოლო პერიოდში ევროსაბჭო ძალიან გააქტიურდა. ჯერ იყო რეზოლუციები, ახლა მარია კალასის წერილი და ვადა აგვისტოს ბოლომდე. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ „ქართულ ოცნებაში“ საღი აზრი აზრი გაიღვიძებს და რამეს დათანხმდებიან? უვიზო მიმოსვლა დევს სასწორზე.
- მე არანაირი ოპტიმიზმი არ მაქვს „ქართული ოცნების“ კეთილგონიერების, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების თანხვედრის ოპტიმიზმი მაქვს. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“, ვლადიმერ პუტინთან ერთად 50 დღე დარჩა! გახსოვთ ხომ ტრამპის ულტიმატუმი პუტინის მიმართ?! შესაბამისად, თუ გადავითვლით, 50 დღეა ზუსტად ის ვადა, რაც მისცეს „ქართულ ოცნებასაც“. შესაბამისად, ამ ყველაფერს ერთ კონტექსტში წავიკითხავდი. შეიძლება ეს მავანისთვის ცოტა ძნელად გასაგები იყოს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ აი ეს ზღვარს გადასული ძალაუფლება და თავხედობა, სწორედ რუსეთთან დაკავშირებულ იმედებზე დგას და სხვა არაფერზე.
- რატომ არ ასაჯაროებენ ამ წერილს?
- ჩვენ ვიცით კალასის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წერილი არის აბსოლუტურად დიპლომატიური. დასავლეთი მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ დაუბრუნდნენ ასოცირების ხელშეკრულების ფორმატს. სადაც ერთმნიშვნელოვნად არის ხაზგასმული ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარება სახელმწიფოში. ეს ვინმეს ცარიელი სიტყვები თუ ჰგონია, ძალიან ცდება.
- უვიზო მიმოსვლის შეჩერება, „ოცნებას“ და მათ მომხრეებსაც სერიოზულად დაარტყამს. ეს მაინც არ იქნება გამაღიზიანებელი ფაქტორი? იქნებ მიხვდეს მათი ამომრჩეველი, რომ ამ ძალას ქვეყანა დაღუპვისკენ მიჰყავს.
- ნუ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მიხვდება. ამ ადამიანებისთვის ღირებული არის საკუთარი სტომაქი. პირადი მდგომარეობა და კეთილდღეობა. მათთვის სახელმწიფო, სამშობლო არ არსებობს! მათთვის არსებობს ქვეყანა, რომელიც უნდა წველონ!
- ვადა 31 აგვისტომდე აქვთ. ამის შემდეგ კი არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. არჩევნების წინ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, თავდაყირა ხომ არა დააყენებს სიტუაციას?
- ამ სიტუაციას არა მარტო ეს საგარეო ფაქტორი, არამედ იმ დროისთვის შექმნილი სხვა გააზრება აყირავებს. მე ხშირად არ ვეთანხმები ხოლმე მეხუთე პრეზიდენტს, მაგრამ ახლა უნდა დავეთანხმო. მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას „ლელო“ და გახარია, რათა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მისცენ, ამას უკვე აზრი არ აქვს. საკითხი ისმის ასე, საერთოდ იქნება ეს არჩევნები?! ზუსტად ამ საერთაშორისო კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. არჩევნები ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის განმსაზღვრელი და მაშინ, როცა ამ ქვეყანაში დემოკრატია საერთოდ არ არსებობს, რა პროცესს "უპრავებს" ეს ორი პოლიტიკური ძალა ივანიშვილს?!
- თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს არჩევნები საერთოდ ვერ შედგეს?
- დიახ, ასეა. ამიტომ დაფიქრდნენ "ლელო" და გახარია, ნუ ცდილობენ ავტორიტარული რეჟიმი გაამყარონ. ნუ ჰგონიათ მათ, რომ ქართველი ხალხი მათ ამის შესაძლებლობას მისცემს!
- გოჩა, შიდა პროცესებზე რას იტყვით? საკანში ბაჩიაშვილს სასტიკად სცემეს, გუშინ პაპაშვილის ბიზნესცენტრი დალუქეს. როგორ ხსნით ამ ყველაფერს?
- ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ამ ადამიანებს ფულის შოვნის საშუალება ბიძინა ივანიშვილმა მისცა. დანარჩენი თვითონ რა იეშმაკეს, ეს უკვე მათი „კეთილსინდისიერების“ საკითხია. რაც შეეხება პროცესს, რომელიც მიდის ამ წუთას, ამ პროცესით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაირჩინოს საკუთარი სიმდიდრე. ეს სანქციები რეალურია, მუშაობს! კორუფციას ებრძვიან და არსად არავინ არ ლაპარაკობს, ვინ დააკლო ბიუჯეტს და რამდენი?! მიქაუტაძის შემთხვევაში ვიცით, ბიუჯეტს რა თანხა დააკლდა? არა! რაზე საუბრობენ იცით? გავლენის კორუფციაზე საუბრობენ.
- გუშინ ალბათ თქვენც მოისმინეთ ხაბეიშვილის განცხადება. ფეხდაფეხ მიყვებიან ხაბეიშვილის გამოსვლებს. არ ჩანს კალაძეო და მეორე დღესვე გამოაჩინეს. არ ჩანს მდინარაძეო და მაშინვე გამოჩნდა, აბა ვინ მეძებდითო? კობახიძე ამბობს, რომ ჩვენს გუნდში არიან კორუფციონერები და ისინი აყვირებენ ხაბეიშვილს, თავად რომ გადარჩნენო. თავადვე აღიარა რომ გუნდში ჰყავთ კორუფციონერები?
- ჩვენ როცა ვსაუბრობთ სტანდარტულ კორუფციაზე, ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ცალკეულმა ადამიანებმა ბიუჯეტს რა წაართვეს, აი ამაზეა საუბარი. თუმცა ესენი სულ სხვანაირად უყურებენ თემას. ესენი ასე უყურებენ, ბიუჯეტს რა წაართვეს კი არა, მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა იმაზე მეტად გამდიდრებულიყო, ვიდრე მას ამის უფლება ჰქონდა. ახლა ამის ამოღებაზე არიან გადასულები. იმას კი არ ეუბნებიან, რომ ანგარიშზე დაუსვან ბიძინას ეს ფული, არა! ითხოვს ქეშად და ბიტკოინებით.
- მდინარაძესაც ბევრი ბიტკოინი აქვსო.
- რაც შეეხება მდინარაძეს, ახლა მის ქონებაზე ნამდვილად არ ვილაპარაკებ. მდინარაძეს უნდა ეშოვნა ფული, იმისათვის რომ სისტემის ნაწილი გამხდარიყო. მდინარაძეს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ჯერ კიდევ იქიდან, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობას რომ აპირებდა. ხშირად მხვდებოდა თვალში და მინდა გითხრათ, ძალიან გამაღიზიანებელი იყო, თუმცა არასოდეს მას პოლიტიკურად ფატალური შეცდომები არ დაუშვია. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მამუკა მდინარაძე, პოლიტიკური სუიციდის პროცესში იმყოფება და ვერ გრძნობს იმას, თუ როგორ იღუპავს თავს. ის ძალაუფლება, რომელიც ამ პროცესში მას ერგო, ჩემი ინფორმაციით, არის განმსაზღვრელი, როგორც ძალოვანი მიმართულებით, ასევე ქუჩასთან უნისონში. ადრე „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა ადამიანები, რომლებიც ცალკე კურატორობდნენ ძალოვან სისტემებს და იყო ვიღაც სხვა, რომელიც ქუჩას აძლევდა დირექტივებს. ახლა ეს ყველაფერი, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მე მაქვს, კონცენტრირებულია მდინარაძის ხელში. მდინარაძე ამ წუთას, ემოციურადაც და საკუთარი ქმედებებითაც, არის უკონტროლო. ამიტომ მე ველოდები, რომ ის დიდ დანაშაულს ჩაიდენს. აქ კალაძის დამალვა და მერე გამოჩენა, საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. დღეს "ტროიკა" მოქმედებს - ერთი ჩრდილში ივანიშვილის სახით და, ორი სცენაზე კობახიძისა და მდინარაძის სახით, ეს არის ის პოლიტიკური "ტროიკა", ზედ დამატებული ოხანაშვილი, რომელიც აძლევს მიმართულებას იმ პროცესებს, რაც ახლა მიდის.
- და კალაძეზე რას იტყვით? მიატანინეს?
- მე მგონია, რომ კალაძე, ამ წუთას ყველაზე ცუდ სიტუაციაშია. ისე თუ დააკვირდებით, ყოველი არჩევნების წინ ასე ხდება ხოლმე კალაძესთან დაკავშირებით. კალაძე, საკუთარ გუნდში ყველაზე ცუდ სიტუაციაშია. ის არის გენერალური მდივანი, რომელსაც არაფერს არ ეკითხება. შეიძლება ის ხვალ მსხვერპლი აღმოჩნდეს და სამაგალითოდ დასჯის ერთ-ერთი სახე. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ვინ ვის გაიმეტებს, ეს ივანიშვილის გადასაწყვეტია. მოკლედ ეს ადამიანები ისეთ სიტუაციაშია არიან, ძალიან ადვილად შეუძლიათ მამაც მოკლან და დედა ჩამოახრჩონ!
- რას იტყვით ბიზნესმენების აქტიურ "გაპარსვასთან" დაკავშირებით? მათ მომხრე, ქოც ბიზნესმენებსაც მიადგნენ. ეს რა კატეგორიაა ბიზნესმენების, ვინც ღარიბაშვილთან იყო დალაგებული და კობახიძესთან ვერ დალაგდა?
- არა, ივანიშვილისთვის ეს სტანდარტები არ არსებობს. რუსული მეთოდებით მოქმედებს. მას ვისი "გაპარსვაც" შეუძლია, ყველას გაპარსავს. საკუთარ ძმასაც წაართმევს ფულს. მას ეს ქეში სჭირდება. ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ივანიშვილის მტაცებლური ბუნების გამოვლენა, რომელიც ამ წუთას, მისთვის აუცილებელია გადასარჩენად!
არის კიდევ მეორე ფაქტორი, საქართველოში ყველა ჩუმად ამოღებული ფული, რომელსაც ხმაური არ მოჰყოლია, ამ ფულის დიდი ნაწილი, მე დარწმუნებული ვარ რომ რუსეთშია ქეშად გატანილი. როგორც იტყვიან, ხაზეინისთვის ვალი დასაბრუნებელია!