ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა

ნახვები: 381 პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განცხადებით, დაკავების საფუძველი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის სისტემატური გავრცელება გახდა, რომელსაც პროკურატურა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებად მიიჩნევს.

ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ჩუბინიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტი 2026 წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა და მეზობელ სახელმწიფოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის უფლებამოსილება შესაბამის სამთავრობო კომისიას ეკუთვნის. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.

„ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას“, – აცხადებს უწყება.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩუბინიძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებულ განცხადებებთან ერთად თავისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასაც განიხილავდა და მას შესაძლო შურისძიებით მოტივირებულ მკვლელობას უკავშირებდა.

გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ჯორბენაძის გარდაცვალება პრემიერ-მინისტრის შესახებ მის მიერ გავრცელებულ მამხილებელ ინფორმაციას უკავშირდებოდა.

„ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებებით ჩუბინიძემ განზრახ იმოქმედა საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

„აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდება წარედგინება, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დიტო ჩუბინიძის ან მისი ადვოკატის პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციაში წარმოდგენილი არ არის. პროკურატურის მიერ დასახელებული გარემოებები გამოძიების ვერსიას წარმოადგენს და სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებად არ უნდა ჩაითვალოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა