ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ნახვები: 340 ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია სასამართლო სხდომებზე გაგრძელდება. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის შესახებ.

სახელმწიფო ბრალმდელმა ანი ლეკიაშვილმა სხდომის დახურვა იმ გარემოებით მოითხოვა, რომ საქმეზე მოწმის სახით არაერთი მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირის დაკითხვაა დაგეგმილი, რომელთა ჩვენებებშიც შესაძლოა სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაჟღერდეს.

პროკურორის განმარტებით, დახურული სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო პერსონალური მონაცემებისა და საქმის განხილვისას გამჟღავნებული ინფორმაციის დასაცავად.

ბრალდების მხარის მოთხოვნას კატეგორიულად დაუპირისპირდნენ ღარიბაშვილის ადვოკატები. უფლებადამცველ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პროცესის დახურვის რეალური მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამალვაა.

ადვოკატის თქმით, თავად პროკურატურამ საქმის მასალების ნაწილი უკვე გაასაჯაროვა, შესაბამისად, სასამართლო განხილვის სრულად დახურვის საფუძველი არ არსებობს.

„ეს ბრალდების მხარის ინსტრუმენტია, დამალოს და შეფუთოს ყველაფერი“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

დაცვის მხარემ ასევე დასვა კითხვა, რატომ მიმდინარეობდა ღია რეჟიმში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის განხილვა, მაშინ როდესაც პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის პროცესის დახურვას მოითხოვს.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამავე სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურორ ანი ლეკიაშვილის აცილებაც მოითხოვა.

სოსო ბარათაშვილის განმარტებით, შუამდგომლობის საფუძველი გახდა პროკურორის მიერ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადება.

ადვოკატის შეფასებით, ლეკიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ბურჭულაძის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, მან ირაკლი ღარიბაშვილს ქრთამის სახით 750 000 ლარი გადასცა.

პროკურორმა აცილების მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია. მისი განმარტებით, სხვა სისხლის სამართლის საქმეში ბრალმდებლის ფუნქციის შესრულება ამ საქმიდან მისი ჩამოშორების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

მოსამართლემ დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომას თავად ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა. სასამართლოში წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს პროცესზე დასწრება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

საქმის მასალების თანახმად, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ.

ბრალდების ვერსიით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ მიღებული 1 500 000 ლარის ქრთამიდან ბურჭულაძემ 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა, დარჩენილი თანხა კი თავად დაიტოვა.

პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. ბრალდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ქრთამის აღების შესახებ მიმდინარე საქმე დამოუკიდებელი სამართალწარმოებაა და მასზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალეულობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით ჯერ არ არის დადგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა