14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.
ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.
საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.
![]()
დროშის აგების წესი, სქემა
საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: გოდფრუა ბუიონელის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა ანჯელინო დულჩერის პორტულანზე (1339წ.) და ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანზე (1367წ).
თბილისი და „ხუთჯვრიანი“ დროშა, ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების 1367 წლის პორტულანი.