ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იყო ორი გზა, ან თვითონ უნდა დაეტოვებინათ ფრაქცია ამ ადამიანებს, ან ჩვენ უნდა გაგვერიცხა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„შესაბამისად, უკვე ცნობილია, რომ ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა წითლიძემ.
აღნიშნული განცხადება ანა წითლიძემ ფრაქციიდან წასულ დეპუტატებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევას ფარულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ კონკრეტული კანდიდატებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი.
„კონკრეტულად ჩაიწერა ფრაქციის წევრები კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, როგორც ხდება ხოლმე, რა უნდა გაეკეთებინა ფრაქციას და კატეგორიულად იყო ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის, კლანის წევრებისთვის ხმა არ უნდა მიგვეცა. ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს ხმა არ მიუცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის და ასევე ჩაიწერა არასამთავრობოების მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატების კონკრეტული სახელ-გვარები, ვისთვისაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი უნდა დაეჭირა. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მე მათ ვურჩევ, ღიად ისაუბრონ. ეს არის ისეთი ტყუილი, რომლის გადამოწმებაც არის ძალიან მარტივი, ამის დამადასტურებელი სქრინები არსებობს და არ მგონია, ჩვენი მხრიდან ამ სქრინების წარდგენა მათთვის კომფორტული იყოს“, – განაცხადა წითლიძემ.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებიც დღეს პარლამენტმა აირჩია, კლანის წევრები არიან და მათ გასაყვანად „ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული.
„სამი ადამიანი, ვინც აირჩიეს, კლანის წევრები არიან. ერთ-ერთი მათგანი არის გენინსპექციის მოქმედი მაღალჩინოსანი“ – აღნიშნა წითლიძემ.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭოს აღნიშნული წევრების არჩევა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის დახმარებით შეძლო, კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატების მოქმედება აუხსნელია და არგუმენტები, რომლებიც მათგან მოისმინა, მისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატების მმართველ გუნდთან ფარულ გარიგებას, რაზეც არა ერთი მისი კოლეგა საუბრობს, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ის არაფერს არ გამორიცხავს.
„მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ამ ყველაფერს აჩვენებს დრო და ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა. ფაქტი არის ერთი – ოპოზიციის ხმები რომ არა, „ქართული ოცნება“ ამ სამ კანდიდატს ვერ აირჩევდა. მოხდა ისე, რომ ამ ხუთი ადამიანის ხმა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და ახლა ეს გარიგება იყო, შეცდომა იყო, ვიღაცამ სწორად ვერ მიაჭირა ღილაკს, თუ არ მიაჭირა და ა.შ, არ არის ჩემი განსჯის საგანი. ეს ყველაფერი უკვე ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს“, – განაცხადა წითლიძემ.
ანა წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ კენჭისყრა ფარული იყო და ამ ადამიანების გაშიფვრას, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ხმა მისცა, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
„კენჭისყრა იყო ფარული, ფარული კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაძლებლობა არ გვქონდა, სახელი და გვარებით გაგვეშიფრა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ეს ადამიანები რომ გავშიფრეთ, ამისთვის, რა თქმა უნდა, ძალისხმევა დაგვჭირდა. თავიდან არც ერთ მათგანს არ უთქვამს, მისცეს თუ არა ხმა. კადრები ვნახეთ, გავშიფრეთ და ა.შ. და ა.შ; მერე პირადი კომუნიკაცია გვქონდა ყველა ამ ადამიანთან და მერე მოვიდნენ ფრაქციაში“, – განაცხადა წითლიძემ.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მელიას განცხადებას ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით, რაზეც მან განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა, როცა უმრავლესობა არ უჭერს მხარს არც ერთ საღ ინიციატივას, არის გამაოგნებელი და უღირსი ნაბიჯი, ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მიმართულებით პრეტენზია ნამდვილად არ ეხება, რომ ისინი საპარლამენტო თანამდებობებს დახარბებული არიან და ამ შენიშვნას არ მიიღებს.
„ჩვენ ცალი ფეხი მართლა ხან ქუჩაში გვქონდა და მუდმივად მანდატების დატოვება-არდატოვებაზე იყო საუბარი, მაგრამ რახან გადაწყვეტილება არის მიღებული და ვართ ამ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტიდან გამოსვლაზე ვინც ახლა აპელირებს საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე, ან არის სასარგებლო იდიოტი, ან შეგნებულად აკეთებს ამას. უნდა დავაზუსტო, რომ არ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ჩვეულებრივ ამომრჩეველს. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართული“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
1tv.ge
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ