სოსო გოგაშვილის განცხადებები სიცრუეა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ დაავალებდა მას ვერაფერს, რადგანის ფიზიკურად არ იცნობდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
გომელაურის თქმით, სოსო გოგაშვილს თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, შეუძლია, წარმოადგინოს.
„განცხაცდება, რაც გააკეთა ბატონმა სოსო გოგაშვილმა, არის ტყუილი, სრული სიცრუე, იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა უბრალოდ ევრანაირად ვერ დაავალებდა მას, ის არ იცნობდა მას. მეორეც, მე ვიყავი ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა, ან როგორ დაავალებდა, ან რა უნდა დაევალებინა. ბატონი ბიძინა გოგაშვილს ავალებდაო, ეს თემა არის სერთოდ აბსურდი. ფიზიკურად არ იცნობდა ამ ადამიანს, ჯერ ერთი, როგორ უნდა დაევალებინა, მეორეც, რა უნდა დაევალებინა, მე არაფერს მავალებდა, როგორ დამავალებდა. კრეფსები არის ე.წ. აუდიოჩანაწერის ბეჭდვითი ვარიანტი, ოპერატიულად ზეტებს ეძახიან კრეფსებს. ვუგზავნიდით ბატონ ბიძინასო, მგონი, პრემიერსო როგორც თქვა და კობახიძესო. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ, არ ხორციელდება.
მტკიცებულებები თუ აქვს, გამოიტანოს და დადოს. მე რომ ვიჯდე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რაც ოპერატიული მასალა შემოდის, ეგ ვიკითხო, სულ მცირე სამი გომელაური უნდა იყოს იქ, რომ ეს მასალა წაიკითხოს. მუშავდება თემა, თუ არის ძალიან მნიშვნელოვანი, შემდეგ ამოდის ხელმძღვანელთან, ამოდის უფროსთან, ამოაქვს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ან მის კურატორ მოადგილეს, მიხსნიან, რომ ამ შემთხვევაში ეს არის პრობლემა. პირობათიად ავიღოთ ტერორიზმის საკითხი, თუ მიმაჩნია, რომ არის რაიმე მნიშვნელოვანი, რაღაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, პრემიერს მოვახსენებ. არა რაღაცები გავუგზავნო – ავდივარ, როგორც ისინი ამოდიან ჩემთან, ასე ხდება საერთოდ. იგივე კრიმინალური თემა, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მკვლელობაა, თუ დაინტერესდა პრემიერი, მე ავდივარ, ფურცლებს არ ვუგზავნი, აბა, წაიკითხე ერთი, ბატონო პრემიერო. მე ავდივარ და ვუხსნი. ასე ხდება სუს-შიც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, მოსმენები მხოლოდ კანონის ფარგლებში ხორციელდება. „კანონიერად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროც უსმენს, კანონით მინიჭებული უფლება აქვს თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, საჯელაღსრულებას, აქვთ უფლება, აიღებენ განჩინებას და მოუსმენენ.
საერთოდ ადამიანს არ იცნობდა, როგორ უნდა დაევალებინა სოსო გოგაშვილისთვის ან როგორ უნდ გაეგზავნა სოსო გოგაშვილს, როცა მე ვიყავი იქ ელემენტარულად. მაშინ მე გავაგზავნიდი, ეს სიცრუეა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, არ იცის, რა ამოძრავებს სოსო გოგოგაშვილს, როცა ამგვარ რამეზე საუბრობს.
„ძალიან სამწუხაროა, რასაც ბატონი გოგაშვილი აკეთებს და რეებსაც იგონებს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება კითხვას, „თუ იცნობთ ბექა მამარდაშვილს, მას მიჰქონდა სუს-ის კრეფსები ბიძინა ივანიშვილთან ან სოსო გოგაშვილთან?“, – გომელაური ამბობს, რომ ბექა მამარდაშვილი პროგრამისტად მუშაობდა და მოსმენების თემასთან საერთოდ შეხება არ ჰქონია.
„როგორ არ ვიცნობ, ჩვენთან მუშაობდა. მე რომ წამოვედი, მალევე წავიდა უსაფრთხოების სამსახურიდან. ეს ადამიანი მოსმენების თემაში საერთოდ არ იყო, იყო ერთ-ერთი ძლიერი პროგრამისტი, რომელიც ეხმარებოდა მომსახურების სააგენტოს, ა სევე კამერების განახლებას, საერთოდ შეხება არ ჰქონდა მოსმენებთან. როგორ უნდა მოეგროვებინა მას კრეფსები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.