დათო გამცემლიძე: რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების გამკაცრება გარდაუვალი ჩანს – ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და დასავლეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს
გოჩა მირცხულავა: „ნადარაიადა“ თუ რაღაც ასეთი შეიძლება დავარქვათ იმ ცირკს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
ტრამპმა და რუტემ უკრაინაში ომის დასრულება, ირანის კონფლიქტი და ნატო-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდა განიხილეს
აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ის გამანადგურებლების აღჭურვილობისა და ტექნიკური მხარდაჭერის 622-მილიონიანი შეთანხმება დაამტკიცა
გიორგი ზურაბაშვილი: მოსკოვის ქმედებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული
რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება – მძღოლებს მთაწმინდის ქუჩებიდან პირდაპირ სანაპიროსა და კოსტავას ქუჩაზე გასვლა შეეძლებათ
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
სანდრო ბარამიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას – ნადარაიამ პროცესუალური წესები დაარღვია

გოჩა მირცხულავა: „ნადარაიადა“ თუ რაღაც ასეთი შეიძლება დავარქვათ იმ ცირკს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს

ნახვები: 269 გოჩა მირცხულავა: „ნადარაიადა“ თუ რაღაც ასეთი შეიძლება დავარქვათ იმ ცირკს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს

"პატრიარქმა შიო III-მ მოსკოვს უთხრა: მე სინოდს ვაკონტროლებ, თქვენ არაფრის არ შეგეშინდეთ, ჩვენ არავის და არაფერს ვაღიარებთ"

"ოცნებაში" პირველი პირი ბიძინაა, მეორე - ცოტნე ივანიშვილი"

"კობახიძე არის შემსრულებელი, ხელმწიფის ერთ-ერთი მსახური"

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მიულოცა 80 წლის იუბილე რუსეთის პატრიარქ კირილეს და რამდენად მოსალოდნელი იყო ეს ნაბიჯი საქართველოს საპატრიარქოსგან?

- პატრიარქი შიო მესამე, რა თქმა უნდა, მიულოცავდა კირილს 80 წლის იუბილეს, აბსოლუტურად გასაგები იყო. ჩემთვის ამ ყველაფერში ამაზრზენი იყო ის „საჩუქარი“, რომელიც ქართველი ეკლესიის მეთაურმა თავისი ქორეპისკოპოსის პირით გაუგზავნა რუსეთის პატრიარქს და მისცა ურყევი პირობა - ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ეს ტომოსი საერთოდ არ გადაგვიშლია, არც წაგვიკითხავს და მაგრად ფეხებზე გვკიდია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და მით უფრო, ნახეთ, როგორ კონტექსტში იქნა ნათქვამი, რომ თურმე ისინი არ დაემორჩილებიან გარე ძალების ზემოქმედებას და ასე შემდეგ, სადღაც „დიფ სთეითის“ ძებნა დაიწყეს. შეხედეთ  როგორი ტექსტი იყო: „ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება (ანუ უკრაინის ეკლესიის), ვისაც ხელდასხმა არ მიუღია და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებითო“. რა ზეწოლაზე განუცხადა ამ შემთხვევაში თეოდორე ჭუაძემ პატრიარქ კირილს? ის ხომ ყველა სიტუაციაში დაუსვამდა კითხვას: „ვინ ახდენს თქვენზე ზეწოლას?“ ჩვენთვის ეკლესიას არასოდეს უთქვამს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე ფორმის ზეწოლა იყო და რაიმეს განიცდიდნენ. წლების განმავლობაში ვიცოდით, რომ ტომოსს კითხულობდნენ, მერე კი ამაზე საუბარი საერთოდ შეწყვიტეს. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი - რა უფლებამოსილების ფარგლებში იქნა ეს ნათქვამი მოსკოვში? სინოდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება? სინოდმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ „ჩვენთვის მიუღებელია ვინმე ისეთის აღიარება, ვისაც ხელდასმა არ მიუღიაო“? და ხელდასმა ვისგან არ მიუღია? მართლმადიდებელი სამყაროს ეკლესიების უმეტესობა აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ვისგან არ მიუღიათ ხელდასხმა? კირილისგან? „მესამე რომისგან“? ანუ, იმიტომ არ აღიარებენ, რომ მოსკოვისგან არ მიუღია, თორემ დანარჩენი მართლმადიდებელი სამყარო აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ხვდებით, რაშია აქ საქმე?

 არის სინოდის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არსებობს? თუ სინოდის გადაწყვეტილება არ არსებობს და ამ კოლეგიალურ ორგანოს ეს არ უთქვამს, როგორ მისცა უფლება თეოდორე ჭუაძემ საკუთარ თავს ეს ეთქვა (თუ ეს პირადად მან გააკეთა), ან რა უფლებით მოახდინა ამ მორჩილების გაჟღერების დელეგირება ჭუაძეზე პატრიარქმა შიო მესამემ? რა უფლებით? სინოდი რას ამბობს ამ შემთხვევაში? ფაქტია, პატრიარქ შიოს და, ალბათ, საპატრიარქოსაც, არ აინტერესებთ სინოდი. სინოდის წევრთა უმრავლესობას კი, ასე მგონია, რომ ამ თემასთან და იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ახლა ეკლესიაში მიდის, მგრძნობელობა არა აქვს. კიდევ ერთხელ რომ შეირცხვინეს თავი მართლმადიდებელ, ქრისტიანულ და ზოგადად რელიგიურ სამყაროში (რადგან ამ პროცესს მხოლოდ ქრისტიანები და მართლმადიდებლები არ აკვირდებიან), ეს უკვე თვალნათელი იყო.

 ყველაზე ამაზრზენი კიდევ იცით რა იყო - ჩვენ ვნახეთ რაღაც კრება, ეს არ იყო დელეგაციის შეხვედრა. ვნახეთ კრება, რომლის სათავეში, მაგიდის თავში იჯდა პატრიარქი კირილი და ასე ჩამომწკრივებულები იყვნენ რაღაც მოხსენებისთვის, მის ხელმარჯვნივ ქართული დელეგაციის წევრები, მარცხნივ კი - რუსული დელეგაციის წევრები. ეს არის ვასალური დამოკიდებულება, საკუთარ ავტოკეფალიაზე, ინდივიდუალურობასა და დამოუკიდებლობაზე ნებაყოფლობითი უარის თქმა, რაც თუნდაც ვიზუალურად ვნახეთ. აქედან გამომდინარე, ის, რომ პატრიარქი შიო დღეს მოსკოვისა და მოსკოვის საპატრიარქოსთვის კოჭის გაგორებით იმას კი არ ადასტურებს, რომ ის პატრიარქი არის, არამედ იმას, რომ როგორც ეგზარქოსი, ასრულებს მოსკოვიდან მიღებულ დავალებას და ფაქტობრივად, მოსკოვს უთხრა, მე სინოდს ვაკონტროლებ, თქვენ არაფრის შეგეშინდეთ, ჩვენ არავის და არაფერს ვაღიარებთ.

- როგორ შეაფასებდით ასევე „ქართული ოცნების“ ახალ კანონპროექტს, რომელიც სუროგაციას კრძალავს? როგორც ვხედავთ, პატრიარქმა შიო მესამემ საკმაოდ მოიწონა ეს კანონპროექტი და ფიქრობს, რომ ერის გაჯანსაღებისთვის ძალიან კარგი იქნება.

- სტატისტიკის მიხედვით, სუროგაციით საქართველოში დაიბადა 13.000 ბავშვი, საიდანაც 3.000-მა დატოვა საქართველოს საზღვრები, ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იქნა გაყვანილი. 10.000 ბედნიერ ოჯახზე, ბედნიერ დედაზე,  ბედნიერ მამაზე, ბებიებზე, ბაბუებზე ფიქრობს ვინმე? ის, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო გაეთვალა გარკვეული მომენტები, რათა ეს ბიზნესად არ ქცეულიყო და ბავშვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გაშვილებულიყვნენ, არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრასა და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას. ის, რომ სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა და რაღაც ვერ გათვალა, სრულებით არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვერდით არ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უბედნიერესები არიან იმით, რომ წლების განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ და დღეს ჰყავთ და მათ სახლში ისმის სიცილი, არის მომავლის, სიყვარულის უდიდესი განცდა და იმედი. ამიტომ, არ მესმის, საპატრიარქო თან დემოგრაფიულ კრიზისზე საუბრობდეს და თან ასე უშლიდეს ხელს ამ პროცესებს. მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ აკრძალვით არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება. ეს არის ცნობილი ფორმულა: „არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პრობლემა“. მაქსიმალური უკიდურესობის კონტექსტში, როდესაც გგონია, რომ თუ ყველაფერს აკრძალავ, ამით დასრულდება ყველაფერი, არ ხდება ასე. როდესაც არ შეგიძლია აღმოფხვრა ნაკლები ზიანი და ამის გამო მთლიანად პროცესის პარალიზებას ახდენ, ეს საშინელებაა.

ამ კონტექსტში გამახსენდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კაზინოები ტურიზმის ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ადამიანები საქართველოში სათამაშოდ ჩამოდიან. იქ სახელმწიფოს ეკონომიკური სარგებელი აქვს, ამიტომ დასაშვებია, რომ ტურიზმის განვითარების მიღმა უამრავი მანკიერი რამ ხდებოდეს - ადამიანები ოჯახებს კარგავდნენ, უსახლკაროდ რჩებოდნენ, თავს იკლავდნენ, მაგრამ იქიდან შემოსავალი აქვთ. აქ კი ფული და შემოსავალი არა აქვთ, ეკონომომიკური პერსპექტივა ვერ ნახეს და ვერ მიხვდნენ, რა შეიძლება ამ სიტუაციიდან „გამოწველონ“.  რა თქმა უნდა, ეკლესიისთვის კოჭი უნდა გაეგორებინათ და ეთქვათ - ჩვენ არაეკლესიური და რწმენის გარეთ მყოფი ხალხი როგორ ვართ? აგერ სუროგაცია ავკრძალეთ, რაც საპატრიარქოს მოთხოვნა იყო, ჩვენ ძალიან მორწმუნეები ვართ. ამიტომ, გადადგეს ეს ნაბიჯი და არავის უფიქრია ახალ სიცოცხლეებზე, თუნდაც იმ 10.000 ბავშვზე. ის 3.000 ბავშვიც კი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული და ქვეყნიდან გაიყვანეს, სადღაც ბედნიერად ცხოვრობს და კიდევ 3.000 ოჯახი ჰყავს გახარებული, თუმცა ამის რეგულირება სწორ ფორმატში აბსოლუტურად შესაძლებელია. ერთგვარად, ეს იყო მეუფე იობის განცხადების გადაფარვა, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება რწმენის მიღმაა დარჩენილი — თითქოს ეკლესიას უდგანან მხარში და ითვალისწინებენ მის აზრებს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გიორგობას შიო მუჯირი პირდაპირ დაეჯახა იობ აქიაშვილს, როდესაც ამბიონზე ჩამოამწკრივა და სიტყვით გამოიყვანა „ქართული ოცნების“ ლიდერები და ამით თქვა, რომ ქრისტიანი და მორწმუნე ხელისუფლება გვყავსო. ვერ ხვდებიან, ამით დღეს რა ზიანს აყენებენ ეკლესიასა და საზოგადოებას და როგორ აღრმავებენ ისედაც უდიდეს ნაპრალს საზოგადოების ორ ნაწილს შორის, ნაცვლად იმისა, რომ ხიდი გადონ და პოზიციები დააახლოონ.

- თქვენ წეღან კობახიძე ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, მდინარაძეს რატომ მოუხსნეს დაცვა? შინა პატიმრობაში აღარ ჰყავთ მდინარაძე?

-  ეტყობა, სვანეთში ჰყავდათ და ხატზე დააფიცეს, ან სხვაგან დააფიცეს, რომ არაფერს იტყვის და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ყველაფერზე აგოს პასუხი. ეს პირობა მიიღეს მისგან, საბოლოოდ დარწმუნდნენ რაღაცებში და, ალბათ, ამიტომაც მოუხსნეს დაცვა. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ან შესაძლებელია, რაღაც უფრო მეტად მზაკვრულს უმზადებდნენ. აქ ნამდვილად არ მაქვს ვარაუდები არაფერთან დაკავშირებით. აბსოლუტური მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, ახლა მან პირობები დადო, სადღაც ხატზე დაიფიცა თუ „ქართული ოცნების“ წესდებაზე, რომ იქნება ჭკვიანად და მზად არის შეეწიროს „ოცნებას“. საშიშად აღარ ჩათვალეს, დაცვა მოუხსნეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სწორედ დაცვის მოხსნის შემდეგ ამყოფებენ ახლა უფრო მეტი მეთვალყურეობის ქვეშ.

- თქვენ როგორ შეაფასებდით უშუალოდ კობახიძის განცხადებას, სადაც მან თქვა: „ბიძინა ივანიშვილი არის პირველი ფიგურა ზოგადად ქართულ ოცნებაში და მერე ვიმყოფები მეორეო“. რას ემსახურებოდა ეს იერარქიული ნუმერაცია ირაკლი კობახიძისგან?

- ჯერ ერთი, კონსტიტუციურად ეს არაფერს ნიშნავს და არაფორმალურად კიდევ ერთხელ იმის აღიარებაა, თუ ვინ მართავს ქვეყანას. კონსტიტუციურად ჩვენთან ყველაზე მთავარი არის პარლამენტი, მერე მთავრობა, მერე პრეზიდენტი და ასე შემდეგ. შესაბამისად, „პირველი პირი ვარ და მეორე“ - გაუგებარია, რადგან მაგ გააზრებით, სახელმწიფოში პირველი პირი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია და არა ირაკლი კობახიძე. მაგრამ რადგან კონსტიტუციის მიღმა ნათქვამი მომენტია, აქ ორი რამ უნდა ვნახოთ: კონსტიტუციის მიღმა, თუ ბიძინა ივანიშვილი პირველი პირია, მეორე პირი არის მისი ოჯახის ყველა წევრი.

- და კობახიძე ბოლო ადგილებშია, ხომ?

- არ შეიძლება აღიარებდე, რომ ის არის მეფე, პირველი პირი, და უცებ გამოხვიდე და თქვა: „მე ვარ მეორეო“. მის გვერდით დგას მისი მეუღლე, მერე დგანან მისი შვილები და ოჯახის წევრები; თუ ოჯახსა და ნათესაურ კავშირს გავცდებით, მერე დგას მისი „კასირი“ - ანუ ფულის შემგროვებელი, მომლაპარაკებელი და ასე შემდეგ, რადგან ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტი ფული და ფულის შოვნაა, სახელმწიფო კი ფეხებზე ჰკიდია. შესაბამისად, ამ პრიზმაშიც ვერ ჯდება მეორე პირად.

რაც შეეხება პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ პრიზმას, რადგან კონსტიტუციას აცდენილია, ვთქვით, რომ პირველი პირი ვერ იქნება ივანიშვილი, მაგრამ თუ არაფორმალურად განვიხილავთ, პირველი პირი ის არის, თუმცა კობახიძე მეორე ვერც აქ იქნება. ამავდროულად, შევხედოთ წმინდა პარტიულ კონტექსტში, სადაც ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე და პირველი პირია. რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, ვინ არის მეორე პირი პარტიაში - ცოტნე ივანიშვილი თუ კობახიძე? ხომ გვახსოვს ცოტნეს აქტივობა სხვადასხვა სიტუაციაში, ახალგაზრდებთან და ასე შემდეგ? ნებისმიერ სიტუაციაში ცოტნე ივანიშვილი უფრო არის მეორე პირი პარტიაში, ვიდრე კობახიძე. კობახიძე ვერ ხვდება, რომ ის არის შემსრულებელი, ხელმწიფის მსახური. ლოგიკურად ხვდება, მაგრამ უნდა ეს ყველაფერი სხვანაირად დაგვანახოს. კიდევ ერთი სასაცილო მომენტი - უმჯობესია, ბატონო ირაკლი, სოფელში იყო პირველი პირი, ვიდრე რომში - მეორე. ეს ცნობილი გამოთქმაა (შესაძლოა გერმანიაში გაქვთ განათლება მიღებული, მაგრამ ინგლისური ტრადიციები ასე განსაზღვრავს: სოფელში პირველი პირი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალაქში მეორე პირად ყოფნა). ამიტომ, აქ თავის მოსაწონებელი არაფერია. მაგრამ აქვე კიდევ ერთი, საკმაოდ მზაკვრულად ნათქვამი მომენტია, დააკვირდით: „მე მეორე პირი ვარო აქ... აქ ყველაფერი, რაც ხდება, ბიძინა ივანიშვილის არის“. აქაურ "ობივატელს" უთხრა, რომ „ბიძინა ღმერთიაო“, ხოლო უცხოელებს უთხრა: რა ვქნა, გარემოების მძევალი ვარ, ყველა გადაწყვეტილებას ჩვენთან ბიძინა იღებს. რეალურად, ხელი მას შეაწმინდა ყველაფერში.

- რამდენიმე დღეში თბილისში იგეგმება 28 ნოემბრის აქცია. 2024 წლის 28 ნოემბრის ამბებიდან უკვე ორი წელი გადის. თქვენი გადმოსახედიდან, ბოლო ორი წელი რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ, როგორ შეიცვალა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და როგორია თქვენი მოლოდინი ამ აქციასთან დაკავშირებით - გამოვა საზოგადოების დიდი ნაწილი გარეთ და შეიძლება განმეორდეს იგივე სცენარი, რაც ორი წლის წინ ნოემბრის ბოლოს ვიხილეთ?

- მე არ ვიცი, საზოგადოების რა ნაწილი გამოვა გარეთ, მაგრამ ვიცი, რომ მე ვიქნები აქ, ეს ერთი და მეორე, ვინც არ გამოვა, მათთვის ერთადერთი შვება ის იქნება, რომ დასხდნენ თავიანთ ცარიელ მაცივრებთან და უყურონ ამ მაცივრებს, ან გადართონ „იმედზე“ და თქვან, რომ ცხოვრება მშვენიერია. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ პროცესები აბსოლუტურად ლოგიკურად წარიმართა მრავალი მიმართულებით, რა თქმა უნდა, მოლოდინები ბევრი გვქონდა და შესაძლოა, ახლა აბსოლუტურად სხვა კონფიგურაცია და სხვა ვითარება ყოფილიყო, რომ არა ის გარე ფაქტორები, რაც ჩვენ ირგვლივ, ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში ვითარდება. მაგრამ ის, რომ დღეს ეს საპროტესტო მუხტი მაინც დუღს, დამიჯერეთ, ამას ადასტურებს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, მარშებში მონაწილეებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც, ამდენი დღის განმავლობაში ქუჩაში თავდაუზოგავად გამოდიან და ამ მუხტს ინარჩუნებენ. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა სინდისის პატიმრებს, უდიდესი მადლობა პოლიტპატიმრებს, რადგან მათი მდგომარეობის, მორალური არჩევანისა და ღირსების გათვალისწინებით, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური აქტი, რომელსაც ისინი ჩადიან. ბევრ მათგანს შევადარებდი არაერთ ქართველ გმირს და თვით ცოტნე დადიანსაც კი.

წარმოგიდგენიათ, ქაღალდის სროლის გამო რომ ადამიანი ციხეში ზის? აი, ეს არის მთელი ანატომია ქართული მართლმსაჯულებისა და ქართული პოლიტიკური პროცესის.

- ხელისუფლება აბრალებს, მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენო. ხშირად იმეორებენ ქოცები.

-  მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ კი არა, ყუმბარებსაც ისვრიან და გილიოტინებსაც მართავენ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებები გადიან საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან. ესეც უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, როდესაც საკონსტიტუციო ჩარჩოდან გადის. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ბევრად დაინდო საკუთარი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაში მყოფი.

  ხელისუფლებას ავიწყდება ის, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ უფლება, სახელმწიფოს დამხობის დროს არათუ მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენონ, გილიოტინებიც დადგან და ამ მხრივ ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ ჰუმანურები აღმოჩნდნენ. ახლა ამ მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებით კიდევ რაღაც ვარაუდები, იმასთან მიმართებაში, რომ ახლა "გირჩს" დასდეს ბრალი, თითქოს იქ მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი ნივთები იყო და მერე აღმოჩნდა, რომ საერთოდ არაფერი საქმე და კავშირი არა აქვს მოლოტოვის კოქტეილთან, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არ უნდა მიიყვანოს ხალხი იმ ზომამდე, რომ ეს გააკეთოს. ჩვენ თევზის მეხსიერება არა გვაქვს. 15 საქმეზე,  რომ ერთი და იგივე პოლიციელები გამოჰყავდათ მოწმედ, ეს ხელისუფლება არის ჩვენი ხელისუფლება და ეს მართლმსაჯულება არის ჩვენი მართლმსაჯულება. ამიტომ მოლოტოვის კოქტეილზე კი ნუ ლაპარაკობენ, არამედ იმ უზნეობაზე ილაპარაკონ, რომელიც მოლოტოვის კოქტეილზე უფრო მძიმე შედეგის მომტანი არის სახელმწიფოსთვის და არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ მოლოტოვის კოქტეილებს, მე არ მინახავს იმ აქციებზე მოლოტოვის კოქტეილები. ის, რომ ფეიერვერკები გამოიყენეს, ეგ ვნახე; ფეიერვერკები რომ აკრძალეს, ეგ ვნახე, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილები არ მინახავს, თორემ ვიტყოდი, რომ კი, იყო-მეთქი.  ამ ყველაფრის კულმინაცია, რაც დღეს ახლა ხდება ჩვენ ირგვლივ, შიგნით, ქვეყანაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, არის ის, რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენ თვალნათლივ გვაჩვენებს იმას, რა სისტემის პირობებში მიმდინარეობს პროცესი, რა პირობებში ვცხოვრობთ, რა არის ზოგადად ქართული მართლმსაჯულება. მე ასე ვიტყოდი: ამას ახლა „ილიადას“ ვერ დავარქმევ, მაგრამ „ნადარაიადა“ თუ რაღაც ასეთი შეიძლება დავარქვათ იმ ცირკს, რომელიც იქ მიმდინარეობს. ის ხელის გადაგრეხვები, ის ცინიზმით სავსე პროცესი, რომელიც იქ მიმდინარეობს, ბევრი რაღაცის ილუსტრაციაა და თვალნათლივ გვაჩვენებს, რა მძიმე და სავალალო მდგომარეობაში არის დღეს ქართული სახელმწიფო.

კოტიკო გოგინაშვილი

ახალი თაობა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა