აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე ომის, ირანის კონფლიქტისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.
შეხვედრა ფლორიდის შტატში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართა.
„შეხვედრა შედეგიანი იყო, რომლის მთავარ თემებს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ირანში კონფლიქტი წარმოადგენდა. განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიედ ომის გაფართოებას გამოიწვევს. ასევე, განვიხილეთ ომის რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანი გზით დასრულების მნიშვნელობა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის დაფინანსებისა და სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები.
„ვისაუბრეთ თავდაცვის ხარჯებისა და ჩვენს სამრეწველო ბაზაში ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე, როგორც აშშ-ის, ისე ნატო-ს მასშტაბით“, – აღნიშნულია განცხადებაში.